როდესაც დე ლაურენტისს კვარაცხელიას შესაძლო გაყიდვის შესახებ ჰკითხეს, „ნაპოლის’’ პრეზიდენტმა მხრები აიჩეჩა, თუ წავა, გადავიტანთო. კონკრეტული მდგომარეობის გათვალისწინებით კონკრეტული პასუხია. ქართველს კლუბთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2027 წლის ბოლოს გასდის. ერთი ხანია მის გასაახლებლად მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ეს უპირველეს ყოვლისა ფეხბურთელს სურს. მას უნდა, რომ გაეზარდოს ხელფასი, რომელიც სეზონში 1.5 მილიონ ევროსაც კი არ აღწევს. როგორც კლუბის ასევე მოთამაშის პრიორიტეტი თანამშრომლობის გაგრძელებაა. ისინი ცდილობენ კონფლიქტს თავი აარიდონ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საერთო ენას ვერ გამონახავენ, ცხადია დაშორების ვარიანტს განიხილავენ.
როდის არის მოსალოდნელი კვარაცხელიას წასვლა? – იმის დაშვება, რომ კვარაცხელია „ნაპოლიდან’’ იანვარში წავა, რთულია. კლუბი სეზონის შუაში თავის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელს არ გაუშვებს. თუმცა ივნისში ქართველ ფეხბურთელს რომელიც უკვე პსჟ-ს ყურადღების ობიექტია, სატრანსფერო ბაზრის პროჟექტორი აუცილებლად დაანათებს. გასულ ზაფხულს ფრანგებმა ნეაპოლელებს მიმართეს წინადადებით, რომელიც ამ უკანასკნელებმა უარყვეს, მაგრამ პარიზელებს კვარაცხელიას ყიდვის განზრახვაზე ხელი არ აუღიათ და ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოძრაობას აკვირდებიან. დე ლაურენტისს კვარაცხელიას გაყიდვის თემა არ დაუხურავს, ოღონდ 100 მილიონ ევროს აფასებს და ამ თანხიდან ფეხს არ იცვლის. კონტრაქტის ამოწურვამდე კი ჯერ დიდი დროა. თან გოლების, საგოლე პასებისა და ზოგადად თამაშის ხარისხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ქართველი „აძურის’’ რიგებში კარგად ირჯება.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ ინგლისის მიმართულებაც, საიდანაც შესაფერისი ინვესტიცია უპრობლემოდ შეიძლება წამოვიდეს.
კონტეს ხელშეუხებელი ფეხბურთელი – ასეა თუ ისე, დღეს კვარაცხელია „ნაპოლიზეა’’ კონცენტრირებული. ანტონიო კონტეს გუნდი მის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ზაფხულში მწვრთნელმა ის ანგისა და ლობოტკა ხელშეუხებელ მოთამაშეებად გამოაცხადა.
ამასობაში კი პრეზიდენტი დე ლაურენტისი და აგენტი ჯუღელი კულისებში მდგომარეობიდან გამოსავლაზე მუშაობენ. კლუბს შეცდომის დაშვება აღარ უნდა. ის ოსიმენის საქმეზე უკვე შეცდა. ამიტომაც კვარა-ნაპოლი ის შემთხვევაა, რომელიც თვალის მიდევნებას მოითხოვს. ერთი მხრივ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე მუშაობენ, თუმცა მეორე მხრივ არც ტრანსფერია გამორიცხული. ოღონდ, სეზონის ბოლოს.
calciomercato
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
