დინო ძოფი იტალიური ფეხბურთის ლეგენდაა, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მეკარე. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა „ნაპოლისა’’ და „იუვენტუსში’’ ― „ნაპოლიში’’ ხუთი, ხოლო „იუვენტუსში’’ თერთმეტი წლის განმავლობაში. პროფესიონალიზმისა და ერთგულების გამო ძოფი უყვარდათ და უყვართ ყველგან. 82 წლის ვეტერანმა AreaNapoi-ს ინტერვიუ მისცა.
სერია A სანაკრებო პაუზის გამო ისვენებს. მართალია გადაჭრით ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ პირველი შთაბეჭდილების გაზიარება მაინც შეიძლება…
„ვფიქრობ, მიმდინარე ჩემპიონატი წინა ჩემპიონატებზე დაბალანსებულია. უმაღლესი პოზიციისთვის ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძვის’’, ― თქვა იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა.
„ინტერი’’ კვლავ ფავორიტია?
„ინტერი’’ იტალიის მოქმედი ჩემპიონია და ლოგიკურია, რომ სეზონი ფავორიტის რანგში დაიწყო, მაგრამ მე ტიაგო მოტას „იუვენტუსმაც’’ დამაინტერესა. მერე მოდიან ანტონიო კონტეს „ნაპოლი’’ და „მილანი’’, თუმცა ამ უკანასკნელს ჯერჯერობით სტაბილურობა აკლია. საბოლოოდ, ოთხი-ხუთი გუნდის ბრძოლას ველოდები.
კონტემ „ნაპოლის’’ ახალი ენთუზიაზმი შთაბერა.
დე ლაურენტისმა კონტეს სამსახურში აყვანით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. თუ გამარჯვება გინდა, კონტე ზედგამოჭრილია. ამას შედეგებიც გვაჩვენებს ― „ნაპოლი’’ ისევ კონკურენტუნარიანია.
მიმდინარე სეზონში ალექს მერეტი შესანიშნავად თამაშობს.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა. ჩვენ ვლაპარაკობთ ფეხბურთელზე, რომელსაც რეგულარულად იძახებენ ნაკრებში და რომელმაც უკვე რამდენიმე შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ძალიან საინტერესო მეკარეა მისი შემცვლელი ელია კაპრილეც. „ნაპოლის’’ ორი ჩინებული გოლკიპერი ჰყავს.
და ბოლოს ტოტო სკილაჩის შესახებ…
ის იყო საუცხოო ფეხბურთელი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა კარგი კაცი. მან იტალიელებს ოცნება აჩუქა, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის იყო სამხრეთელი, რომელსაც „იუვენტუსშიც’’ დიდ პატივს სცემდნენ. ტოტო მორიდებული და დიდებული პიროვნება იყო.
