არ ცხრება ლაპარაკი იმის შესახებ, თუ ვინ გახდება „ნაპოლის” მწვრთნელი მომავალ სეზონში. კლუბის მეპატრონის აურელიო დე ლაურენტისის სასურველი კადიდატი ანტონიო კონტეა, მაგრამ პრობლემას მისი მაღალი რეიტინგი ქმნის: როგორც ამბობენ, თავად კონტე ითხოვს იმაზე დიდ ხელფასს, ვიდრე დე ლაურენტისი სთავაზობს და გარდა ამისა იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცის სამსახურში აყვანა სხვა, სავარაუდოდ „ნაპოლიზე” დიდ კლუბებსაც სურთ. ამიტომ, გაიზარდა შანსი იმისა, რომ „პარტენოპეელთა” თავკაცი 66 წლის ჯან პიერო გასპერინი გახდეს. შესაბამისად ნეაპოლურ მედიაში მომრავლდა წერილები გასპერინის შესახებ. როგორი ფეხბურთი უყვარს „ატალანტას” თავკაცს და როგორ ათამაშებს ის „ნაპოლის”?
calcionapoli24 წერს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გასპი მთელს მოედანზე პერსონალურ მეურვეობას ანიჭებდა უპირატესობას. ეს გუნდში ფიზიკურად საუცხოოდ მომზადებული ფეხბურთელების ყოლას მოითხოვს. ასეთი ტაქტიკის პირობებში განსაკუთრებული დატვირთვა ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებზე მოდის.
გასპერინი ახალგაზრდების წახალისებით ცნობილი მწვრთნელია. მის ხელში გაუვლია „სკუადრა აძურას” ბევრ ფეხბურთელს. calcionapoli24-ის აზრით თუ „ნაპოლის” სათავეში გასპერინი ჩაუდგება, კლუბს შემადგენლობის მასშტაბური გადახალისება არ მოუწევს, თუმცა „აძურის” რომ ფეხბურთელები დასამატებელი ჰყავს, რად უნდა ლაპარაკი.
გასპს უყვარს მეტოქეთა ტაქტიკის ამომცნობი, თამაშის წაკითხვის უნარის მეკარეები, რის გამოც ალექს მერეტის კანდიდატურა, თუ ეს უკანასკნელი „მარადონაზე” დარჩება, სრულიად აძლევს ხელს. პიერლუიჯი გოლინის კი გასპერინისთან ადრე გადაკვეთა ჰქონია და შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მათ ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეთ.
დაცვაში ჯან პიერო გასპერინის უყვარს ორი ისეთი კაცის ყოლა, რომლებიც ბურთთან შინაურულად არიან, შეტევაზე გადადიან და სივრცეების პოულობენ. სამკაციანი დაცვის შემთხვევაში მისი ცენტრალური მცველი ზორბა და ღონიერი უნდა იყოს, ამიტომ უკანა ხაზში „ნაპოლის” ხალხის დამატება მოუხდება.
გასპერინისეული ნახევარდაცვა უნივერსალური მოთამაშეებით გამოირჩევა. მისი შუამოედნელები დაცვაში ორგანიზებული მუშაობის გარდა, შეტევის ფაზაში ხაზებს შორის თამაშის უნარით უნდა გამოირჩეოდნენ. ამიტომ სტანისლავ ლობოტკასა და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას გარდა „ნაპოლის” მათი ბადალი მობილური ფეხბურთელების მოძებნა მოუწევს.
თავდასხმაში კი მატეო პოლიტანო და ხვიჩა კვარაცხელია გასპერინისთვის ზედგამოჭრილი ხალხია, აი, ცენტრფორვარდად კი ათლეტური კაცი დასჭირდება. ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად მოსულ კაცს მეტოქის კარისკენ ზურგის მდგომს უნდა შეეძლოს ბურთის მიღება, შენარჩუნება და სხვა საჭირო მოქმედება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
