ნაპოლიმ მსაჯის გამო წააგო?

Home კატეგორიის გარეშე ნაპოლიმ მსაჯის გამო წააგო?
ნაპოლიმ მსაჯის გამო წააგო?

Moviola Napoli-Atalanta: Pairetto and VAR have a hand in it, irregular goals from Miranchuk and Scamaccaნეაპოლური მედია დამნაშავის ძებნაში მსაჯ ლუკა პაირეტოს მიადგა — სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლიმ” „ატალანტასთან” შინ 0:3 წააგო. მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში არ უთამაშია. მან საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩში ფეხი იტკინა. ნეაპოლში ირონიულად წერენ, იქნებ ტელეკომპანია DAZN-ის მიმომხილველებმა გვაჩვენონ წესი, სადაც წერია, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელზე ხელებით დაყრდნობა და ისე ახტომა ნებადართულიაო.

„ის, რაც სისტემატურად მოსდის „ნაპოლის”, „მილანსა” და „იუვენტუსს” ერთხელაც რომ დაემართოს, პრესა-ტელევიზია ერთ ამბავს ატეხავს, — წერს napolipiu და განაგრძობს — „მილანს” და „იუვენტუსს” არასდროს დაუნიშნავენ მსაჯს, რომელმაც რამდენიმე ტურის წინ მათ წინააღმდეგ შეცდომა დაუშვა. პაირეტო კი 26-ე ტურში, კალიარიში სჯიდა „ნაპოლის” შეხვედრას. ასეთი რამ მხოლოდ „აძურის” მოსდის”.

შემდეგ პორტალი შეგვახსენებს არბიტრ მარკო სერას ამბავს, რომელმაც 2022 წლის 11 სექტემბერს „იუვენტუსისა” და „სალერნიტანას” შეხვედრაში ტურინელთათვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მას ცალკე „ბებერი ქალბატონის” ამალა, ცალკე კი საერთოიტალიური პრესა დაესხა თავს და „იუვეს” თამაშს ორი წელიწადი აღარ მიაკარეს.

ნეაპოლელები იხსენებენ „კალიარისა” და „ნაპოლის” 25 თებერვლის შეხვედრასაც, რომელშიც პაირეტომ მინას მიერ ოსიმენის წაქცევისთვის მასპინძელთა კარში პენალტი არ დანიშნა.

ამჯერად კი ტურინელმა მსაჯმა ბერგამოელებს ნიგერიელის ფეხებში ცემის საშუალება მისცა, რამდენიმე ეპიზოდში აშკარა ყვითელი ბარათი არ ამოუღო, შემდეგ კი თავად ნიგერიელი გააფრთხილაო, ჩივის napolipiu და დასძენს, რომ მაურიციო მარიანის, დანიელე ორსატოსა და ფედერიკო ლე პენას კიდევ ერთი მსაჯი დაემატა, რომელმაც იცის, რომ „ნაპოლის” საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღების გამო „ცენტრალური” მას-მედია არ უსაყვედურებს.

„მაგრამ, ეს ის ჩემპიონატია, რომელშიც ნეაპოლელ ფეხბურთელებს კარგად მოეხსენებათ, რომ მათ ფეხებში ურტყამენ (გატი, აჩერბი, ლინეტი…) და არ ისჯებიან. ეს არის ჩემპიონატი, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი იტალიურ ფეხბურთში ჩაწერილი მორიგი შავი ფურცლის შემდეგ (ჟუან ჟესუსთან დაკავშირებული რასისტული სკანდალი)  აჩერბის ამხნევებს”.

ნეაპოლელებს „ატალანტას” მიერ გატანილი სამი გოლიდან ორზე აქვთ პრეტენზია. ისინი ამტკიცებენ, რომ პირველი გოლის წინ, რომელიც ალექსეი მირანჩუკმა გაიტანა, ჯანლუკა სკამაკამ ამირ რაჰმანი წააქცია. რაც შეეხება მეორე გოლს, აქ თავად მისმა ავტორმა სკამაკამ ჟუან ჟესუსის მეურვეობას წესის დარღვევით დააღწია თავი. და რაც მთავარია, VAR-მა ეს მომენტები არ შეამოწმაო.

ნეაპოლური საიტები ამტკიცებენ, რომ თამაშის შედეგზე მსაჯების შეცდომებმა პირდაპირი გავლენა იქონია. უსამართლობით აღშფოთებულმა „ნაპოლის” ფეხბურთელებმა თამაშში ჩართვა ვეღარ მოახერხესო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.