ნაპერწკალიც აკლდა და თანაგუნდელებიც ვერ ეხმარებოდნენ

Home კატეგორიის გარეშე ნაპერწკალიც აკლდა და თანაგუნდელებიც ვერ ეხმარებოდნენ
ნაპერწკალიც აკლდა და თანაგუნდელებიც ვერ ეხმარებოდნენ

„სან სიროზე” „ინტერისა” და „ნაპოლის” თამაში 1:1 დამთავრდა. 29 ტურის შემდეგ „შავ-ლურჯებს” 76 ქულა აქვთ და თანაქალაქელ მდევარ „მილანს” 14 ქულით უსწრებენ, ნეაპოლელები კი 45 ქულით მეშვიდე პოზიციაზე არიან და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-4 ადგილს 9 ქულა აშორებთ.

იტალიურმა პორტალებმა ფეხბურთელებს ტრადიციულად ქულები დაუწერეს. ქვემოთ გთავაზობთ, თუ როგორ შეაფასეს მათ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში. აგრეთვე მოგვყავს იმ ორი საერთაშორისო საიტის მიერ დაწერილ ნიშნები, რომლებიც სტატისტიკას ეყრდნობიან. მათ შეფასებებს ილუსტრაციის სახით გაგაცნობთ.

calciomercato – 5,5: როდესაც კვარაცხელია ინიციატივას იჩენდა, რჩებოდა შთაბეჭდილება თითქოს „ინტერისთვის” საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ საბოლოოდ მისი ჩართულობა საკმარისი არ გამოდგა.

iamnaples – 6: მოწინააღმდეგეები მის წინააღმდეგ სისტემატურად უხეშობდნენ. „ნაპოლისთვის” სამწუხაროდ მსაჯი მას ამ უხეშობისგან არ იცავდა. კვარაცხელიას აკლდა ის ნაპერწკალი, რომელიც „ინტერის” დაცვას პრობლემებს შეუქმნიდა, თუმცა მის მოქმედებებში სხვადასხვა ხარისხიანი ელემენტები შეიმჩნეოდა.

areanapoli – 6: კარში შორიდან დარტყმა მხოლოდ ერთხელ სცადა. ბევრჯერ მოიწადინა გარღვევა, მაგრამ ოლივერა არ ეხმარებოდა. მოედანზე მარიო რუის შესვლის შემდეგ აფეთქება სცადა, თუმცა ამ მცდელობას შთამბეჭდავი თამაში არ მოჰყოლია.

napolipiu – 6,5: სიტყვიერი დახასიათების გარეშე.

tuttonapoli – 6: როგორც ყოველთვის ფეხებში ურტყამენ, მსაჯი კი მეტოქეებს ამ  დარტყმებისთვის არ სჯიდა. საუკეთესო მატჩების მსგავსად კოცონი ვერ ააგიზგიზა, მაგრამ ეს იმის ბრალიც იყო, რომ ოლივერა ვერ ეხმარებოდა.

calcionapoli24 – 6: მას წინსვლა უჭირდა, რადგან დარმიანს ჰყავდა შებოჭილი. დარმიანს პავარი და ბარელაც აზღვევდნენ. სივრცის საპოვნელად კვარაცხელიას ტრაორესთან ჰქონდა მუდმივი დიალოგი. 35-ე წუთზე გააჭენა ცხენები და პავარს ყვითელი ბარათი მიაღებინა. 55-ე წუთზე ინიციატივა გამოიჩინა, მაგრამ მისი ჩახვეული დარტყმა ზომერისთვის უხიფათო აღმოჩნდა. ჩვენ მისგან ყოველთვის გაბრწყინებას ველით, არადა ის იყო ერთ-ერთი ცოტათაგანი, რომელიც თავის თამაშს ეძებდა.

calcionapoli1926 – 6: პოლიტანოს მსგავსად მეორე ტაიმში აენთო და ორიოდ ეპიზოდი შექმნა, მაგრამ მახრჩობელა მეურვეობას ვერაფერი მოუხერხა. სამწუხაროდ, თანაგუნდელებმა მიატოვეს.

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.