დე ლაურენტისის სიგიჟე

Home კატეგორიის გარეშე დე ლაურენტისის სიგიჟე
დე ლაურენტისის სიგიჟე

De Laurentiis la lía en Montjuic: saca a un jugador del Nápoles de una entrevista y tira una cámara„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „ბარსელონასა” და „ნაპოლის” შეხვედრის წინა დღეს თავისი ფეხბურთელი მატეო პოლიტანო „სქაი სპორტის” პირდაპირი ეთერიდან შუა ინტერვიუს დროს უხეშად გაიყვანა; თან ყვიროდა. ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ერთად არის თავმოყრილი El Chiringuito-ს მიერ გარედან გადაღებული კადრები და ის, რაც „სქაის” ეთერში გადიოდა.

Movistar Plus + – მა კი აჩვენა ფრანჩესკო კალცონას ინტერვიუ, რომელსაც პოლიტანოს გვერდით იწერდა. ამ ჩანაწერში ჩანს და ისმის, თუ როგორ ჩაივლის „პარტენოპეელთა” პრეზიდენტი და როგორ დაუყვირებს იტალიის ნაკრების მოთამაშეს: „პოლიტანო, მოდი აქ! შენ დი მარცოს უნდა ელაპარაკო! რა ….-ს აკეთებ? ვერ გაიგე? დი მარცო!”. ამ სიტყვების შემდეგ ის ფეხბურთელს ხელს სტაცებს და ძალად გაჰყავს, ინტერვიუ კი დაუმთავრებელი რჩება. შემდეგ ნეაპოლელთა პრეზიდენტი ადგილზე ფეხბურთელის გარეშე ბრუნდება, „სქაის” თანამშრომლებთან მიდის, ამუნათებს მათ და ტექნიკური პერსონალის ერთ წევრს ხელსაც ჰკრავს.

როდესაც დე ლაურენტისმა პოლიტანო კამერას ხელისკვრით გაარიდა, უთხრა: „მას შენთან ლაპარაკის უფლება არ აქვს”. El Chiringuito-ს ჩანაწერიდან კარგად ჩანს, შემდეგ როგორ ბრუნდება პრეზიდენტი, ოპერატორს ხელს ისე ჰკრავს, რომ ლამის წააქცევს და საქმის გასარჩევად ჟურნალისტთან მიდის. როგორც ერთ-ერთი ჩანაწერიდან გაირკვა დე ლაურენტისი იმიტომ განრისხდა, რომ მისი განკარგულებით ფეხბურთელი თურმე „ვალდებული იყო ჯანლუკა დი მარცოსთან” ელაპარაკა. ის გახლავთ იტალიელი ჟურნალისტი, რომელიც ასევე სტადიონზე იმყოფებოდა. ეს ვერსია ემთხვევა „სქაი სპორტის” დირექტორის ფედერიკო ფერის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ტექსტს: „ვინ უნდა მისცეს ჩვენ ტელეკომპანიას ინტერვიუ და ვინ არა, ამას თავად ვწყვეტთ. იმის შემყურეებს, რაც ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატოს შეემთხვათ, მეტყველების უნარი წაგვერთვა. მომხდარს ყველანაირი კომენტარის გარეშე ვგმობ. დანამდვილებით კი ერთი რამის თქმა შემიძლია: საქმიანობას როგორც ყოველთვის პროფესიულად, მკაფიოდ, სანდოდ და საქმის ცოდნით განვაგრძობთ”.

ბოლო პერიოდში ეს არ იყო დე ლაურენტისის პირველი კონფლიქტი მედიასთან. „იუვენტუსთან” მატჩის წინ სოციალურ ქსელებს მოედო ვიდეო, რომელშიც „პარტენოპეელთა” პრეზიდენტი კამერის წინ ამბობს: „DAZN-ს რაიმეს ჩაწერის უფლება არ აქვს. წადით ახლა”.

თათბირის შემდეგ ტელეკომპანია DAZN-მაც დაადასტურა, რომ „ნაპოლი” მას ინტერვიუებს აღარ აძლევს, თავად დე ლაურენტისმა კი საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა: „DAZN-მა ჩვენი მოთმინების ფიალა აავსო. ამიერიდან მხოლოდ „სქაისა” და RAI-სთან გვექნება ურთიერთობა”. ამ პანორამას დაემატა კლუბის გადაწყვეტილება ვეტო დაადოს სერია A-ს მატჩების წინა პრეს-კონფერენციებს, რაც უეფას რეგულაციების გამო ევროპაში სხვაგან არსად ხდება. იტალიაში კი დე ლაურენტისის მრისხანება ახალი არ არის. ყველაზე გახმაურებული ეპიზოდი 2011 წელს მოხდა, როდესაც მან სერია A-ს კალენდრის შედგენისას კამერების წინ ყვირილი დაიწყო: „თქვენ მძ..რები ხართ, ისევ კინოში მინდა ვიმუშაო.” შემდეგ ის გავარდა, შუა მილანში მოტოციკლეტისტი გააჩერა და ჩაფხუტიც არ დაიხურა ისე შემოახტა უკანა სკამზე. რამდენიმე კვირის შემდეგ მან ბაიკერს, რომელიც დაეხმარა, ახალი მოპედი უყიდა, მასთან ერთად „მარადონაზე” მივიდა და ფოტოები გადაიღო. „მონჟუიკზე” მომხდარი აურელიო დე ლაურენტისის ბიოგრაფიას გაამდიდრებს.

AS

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.