კალცონა: გაქანებული მანქანის ფანჯარა ჩავწიე და ვიღრიალე

Home აქეთურ-იქითური კალცონა: გაქანებული მანქანის ფანჯარა ჩავწიე და ვიღრიალე
კალცონა: გაქანებული მანქანის ფანჯარა ჩავწიე და ვიღრიალე

„ნაპოლის” მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ Cronache di locker room-თან ილაპარაკა. ქვემოთ ამ ინტერვიუს ამონარიდს გთავაზობთ:

– სად იყავით, როდესაც აურელიო დე ლაურენტისმა დაგირეკათ? 

– კალაბრიაში გახლდით, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ. იქ ბინაში რემონტს ვაკეთებთ. ძმასთან ერთად ვიყავი, ოთხი დღით უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ გეგმები ამერია. კონკრეტულად იმ მომენტში ზღვის ნაპირზე ვსეირნობდი. ზღვის პირას ყოველ დღე ვსეირნობ, ვცდილობ სულ მცირე 10 კილომეტრი ვიარო. მეთევზეთა ნავისკენ მივემართებოდი, სადაც ცოცხალი თევზი მელოდა, მაგრამ ამ დროს „ნაპოლის” მენეჯერმა დამირეკა და თევზი გადაიდო.

– ერთი წამითათ არ გიფიქრიათ, რომ თავის ცეცხლში შეყოფით რისკავდით? 

– სატელეფონო საუბარმა 40 წუთს გასტანა. სანამ ხაზის მეორე ბოლოდან მელაპარაკებოდნენ, მე ვფიქრობდი. ეჭვი წამითაც არ შემპარვია. ასეთ შემოთავაზებაზე ადამიანი უარს ვერ იტყვი, კომფორტის ზონაში ცხოვრება კი ჩემი საქმე არ არის. მე გამოწვევები მიყვარს. ამიტომაც წავედი სამუშაოდ ჩემთვის უცნობ ქვეყანაში, სლოვაკეთში. „ნაპოლი” კი ჩემი ცხოვრების ნაწილია. იმ მომენტში ვიგრძენი, რომ ნეაპოლში დაბრუნება და გუნდის დახმარება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

– რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც „მარადონაზე” მთავარი მწვრთნელის რანგში, „ბარსელონას” წინააღმდეგ გახვედით? თან ეს თქვენი პირველი მატჩი იყო. 

– ნეაპოლში დაბრუნებამ ჩემზე ისე იმოქმედა, ისეთი ადრენალინი და სიხარული მომეძალა, რომ ტრასაზე, სადაც ნაქირავები მანქანით მოვქროდი ფანჯარა ჩავწიე და ვიღრიალე. ხოლო მერე, როდესაც უკვე სტადიონზე შევაბიჯე, სხვა განცდით ვიყავი მოცული. იქ ჩვენს რეგიონს წარმოვადგენდი და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ოჯახიც ჩემთან იყო. ის კარგად გრძნობდა მომენტის სერიოზულობას.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.