ნიკოლა ძანინიმ, რომელსაც კარიერაში ბევრ გუნდში, მათ რიცხვში „ნაპოლიშიც” უთამაშია, ინტერვიუ მისცა 1 Station Radio-ს, რომელშიც „პარტენოპეელთა” შესახებ ილაპარაკა. პირველი კითხვა, რომელიც მას დაუსვეს დიეგო დემეს შესახებ იყო. ვალტერ მაცარიმ გერმანელი ბოლო შეხვედრაში „ლაციოს” წინააღმდეგ ათამაშა, მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე აქო და ადიდა, შემდეგ კი ჩემპიონატის მეორე ნახევრის ოცდახუთკაციან განაცხადშიც არ შეიყვანა.
„მწამს, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კლუბში ღრმად გააანალიზებდნენ შექმნილ მდგომარეობას. მწვრთნელი იენს კაიუსტეს უფრო ენდობა. ასეთი ამბები ფეხბურთელებში უკმაყოფილებას იწვევს, რაშიც გასაკვირი არაფერია. დემე ჩემპიონი გუნდის წევრი იყო და ასეთი არჩევანით ბედნიერი ვერ იქნება”, — უპასუხა ძანინიმ.
როგორ ფიქრობთ, „ნაპოლი” ამ სატრანსფერი ფანჯრის დროს გაძლიერდა?
არ მინდა ვინმეს მიმართ უპატივცემულობა გამოვხატო, მაგრამ ნეტავ არ მენახა ის „ნაპოლი”, რომელსაც ბოლო რამდენიმე შეხვედრაა ვუყურებ. მართალია რამდენიმე ქულა მოიპოვა, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო მოსაწონი გუნდი. მე ის „ნაპოლი” მერჩივნა, რომელიც შეიძლება წარმატებებს ვერ აღწევდა, მაგრამ აქტიურობას ცდილობდა. ბოლო შეხვედრებში „აძური” ძალიან დაჩიავებული იყო.
რა უნდა ქნას კვარაცხელიამ კვლავ გამარჯვების მომტანი ფიგურა რომ გახდეს?
ეს შემტევი გუნდის მენტალიტეტის ამბავია. „აძურისთვის” შეტევა ბუნებრივი მდგომარეობაა. „ნაპოლის” მეტი უდარდელობა სჭირდება. მე მიყვარს რისკიანი გუნდები. ის უნდა იყოს აგრესიული და მე თუ მკითხავთ, მეტოქის ნახევარზე უნდა თამაშობდეს.
„ნაპოლიმ” „ვერონასთანაც” დაცვიდან უნდა ითამაშოს?
არა. ყველაზე მეტად სწორედ სქემის ცვლილებას ველოდები. მაცარი 4-3-3-ს უნდა დაუბრუნდეს და შეტევა სცადოს. „ვერონამ” შემადგენლობა გადაახალისა და „აძურისთან” თავის დაცვას შეეცდება, ნეაპოლელები კი არ უნდა დაეხმარონ და თავადაც უკან არ უნდა დადგნენ. მათ უნდა შეუტიონ და აგრესია გამოავლინონ.
ხომ არ ფიქრობთ, რომ „ნაპოლის” ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნა ფეხბურთელების ნაწილის ბრალიც არის?
გარედან ლაპარაკი ძნელია, თუმცა დაბნეულობა თავიდანვე შევამჩნიე. სპალეტის წასვლის შემდეგ გადაწყვიტეს გუნდის სათავეში ჩაეყენებინათ მწვრთნელი, რომელიც წარმატებული სქემით განაგრძობდა მუშაობას, მაგრამ ყველაფერი 4-3-3-ის გარშემო ხომ არ ტრიალებს. ერთი და იმავე განლაგებით სხვადასხვანაირად შეიძლება თამაში და მოტივაციის მნიშვნელობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით გუნდი სეზონის დასაწყისშივე არასწორი მიმართულებით წაიყვანეს, ვფიქრობ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც ეკისრებათ. და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად „ნაპოლის” კვლავ აქვს ზრდის და ქულების მოპოვების პერსპექტივა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
