ვიქტორ ოსიმენმა TvPlay–ზე Vox to Box-ის ფორმატში მარიო ბალოტელისთან და ემილიანო ვივიანოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა და „ნაპოლის” გულშემატკივრისთვის საინტერესო თემებზე ილაპარაკა.
„ოქროს ბურთი” მესის თუ ჰოლანდს?
ორივე იმსახურებს.
თავად თუ იბრძვით მის მოსაპოვებლად?
„ოქროს ბურთის” მოგება ჯადოსნური იქნებოდა. ასეთი დონის ფეხბურთის თამაში ოცნებაა. მომავალში ნამდვილად ვაპირებ მიზნად დავისახო ამ ჯილდოს მოგება, მაგრამ ჯერჯერობით „ნაპოლიში” თავს კომფორტულად ვგრძნობ. გოლების გატანა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, „მარადონაზე” კი ეს განსაკუთრებულ გრძნობას იწვევს. სანამ „ნაპოლიში” გადავიდოდი, კულიბალის ვკითხე, თუ რანაირები არიან ნეაპოლელი ფანები. მან ყველაფერი მიამბო: ქალაქის, გულშემატკივრის, სტადიონის შესახებ. კოვიდის მიუხედავად, „აძურის” შემადგენლობაში „ატალანტასთან” პირველი გოლი რომ გავიტანე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. გოლი რომ გამაქვს, დღესაც იგივე გრძნობა მეუფლება. წარმოუდგინელი რამ არის, როდესაც 50-60 ათასი ადამიანი შენს სახელს ჰყვირის.
რა აზრის ხართ ვიქტორ ბონიფეისის შესახებ? (22 წლის ნიგერიელი თავდამსხმელია, რომელიც „ლევერკუზენში” თამაშობს)
მისი კლიპები ვნახე. ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვს. ნაკრებში რომ ვიყავი, ველაპარაკე. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებებს მიაღწევს.
ბურთს პირველად როდის შეეხეთ?
ბურთის თამაში ნიგერიაში ძალიან ადრე დავიწყე. პირველ შეხვედრაში მაკრატელა გოლი გავიტანე და მხარი მოვიტეხე. დედა რომ გარდამეცვალა პატარა ვიყავი, ამიტომ მამის დახმარება მომიხდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან მოვიდა ადამიანი, რომელმაც მითხრა: „რატომ შეეშვი ფეხბურთის თამაშს? შენ ეს ძალიან კარგად გამოგდის”. მას მერე ყოველ დღე სამი საათი ვვარჯიშობდი. ეს ადამიანი საკვების შოვნაშიც მეხმარებოდა, რადგან ეკლესიაში ვმუშაობდი და იქ ვცხოვრობდი.
იტალიაში რა უცნაურობები შეგემთხვათ?
რომში სტიუარდთან ფოტო გადავიღე, რის გამოც ის ბიჭი სამსახურიდან გაუსვეს. მინდოდა მისთვის იმ დღის ზარალი ამენაზღაურებინა, მაგრამ არ გამომართვა. ის ჩემთან გადაღებული ფოტოთიც ბედნიერი იყო. სხვათა შორის, მან ჩემთვის სიმღერა დაწერა, რომელიც ძალიან მომწონს.
მესი თუ რონალდუ?
ორივეს ფანი ვარ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ფეხბურთელებმა საოცრებები აკეთეს. „იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ მე რონალდუსთან ფოტო გადავიღე. მათ შორის ფავორიტი არ მყავს.
თქვენი საყვარელი გოლი
გასულ სეზონში „რომას” გავუტანე კარგი გოლი.
საუდის არაბეთის პრო-ლიგაზე რას ფიქრობთ?
ბრწყინვალე ლიგაა, დიდ ტალანტებს იზიდავს.
საუდის პრო-ლიგასა და MLS-ს შორის რომ გქონოდათ ასარჩევად?
MLS-ს ავირჩევდი.
რას იტყვით სერია A-ს შესახებ?
ხალხს არ ესმის რა ძნელია სერია A-ში თამაში. ჩემი აზრით ტაქტიკური და ფიზიკური თვალსაზრისით ის ერთ-ერთი ყველაზე რთული ლიგაა.
ნიღაბი?
მე მას კიდევ დიდხანს ვატარებ. ის ჩემი იმიჯი გახდა.
ჩირო იმობილეზე რას ფიქრობთ?
მისი თამაშის სტილი მომწონს. იმობილეს დიდ პატივს ვცემ. მას თავდამსხმელის ძლიერი ინსტინქტი აქვს. მე მქონდა შესაძლებლობა მისთვის პირადად მეთქვა, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ვჯობივარ თუ არა? გთხოვთ, შედარებებს ნუ მომთხოვთ. ის „ნაპოლის” ლეგენდაა და მინდა მას მივუახლოვდე.
ლეაო თუ ლაუტარო?
ორივე ტოპ-ფეხბურთელია. უნიჭიერესი მოთამაშეები არიან. ლეაომ „ლილი” მაშინ დატოვა, როდესაც მე საფრანგეთში ჩავედი და მან მოლოცვის წერილი გამომიგზავნა. ამან დიდი მოტივაცია მომცა. ჩვენ ჩინებული ურთიერთობა გვაქვს. ძნელია აღწერო თუ როგორი ლიდერია ის. რაც შეეხება ლაუტაროს, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. იტალიური ფეხბურთისთვის ძალიან კარგია, რომ ის სერია A-ში თამაშობს.
შეძლებს ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრებთან ერთად რამის მოგებას?
რასაკვირველია. ის ჩემი მწვრთნელი იყო და ვიცი, რომ გენიოსია. სპალეტი თავის ფეხბურთელებს ბევრს სთხოვს, მაგრამ კარგად იცის როგორ წარმოაჩინოს მოთამაშის ნიჭი.
კვარაცხელია?
ჯადოქარია. ულაპარაკოდ დიდი ფეხბურთელია და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
ყველაზე ძლიერი მცველი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშიათ.
კრისტიან რომერო. პირველად, როდესაც მე მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ბურთთან მისვლა დავასწარი, მაგრამ მაინც ჩემს წინ იდგა. ძალიან ძლიერია სმოლინგიც.
მეკარე, რომლისთვისაც გოლის გატანა ყველაზე ძნელია?
მინიონი. ის დიდია და საოცრად მოქნილი.
რა მოხდება თუკი აფრიკის თასს ნიგერიის ნაკრები მოიგებს?
ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ეს ისეთი შეჯიბრებაა, სადაც მეტოქეების დაუფასებლობა არ შეიძლება. ამჯერად მე ფავორიტებზე არ ვილაპარაკებდი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
