
ვინ იქნება „ნაპოლის” მომდევნო მწვრთნელი? იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ჩირო ვენერატომ „პარტენოპეელთა” კლუბში შექმნილ ვითარებაზე ეთერში ილაპარაკა. მან თქვა:
„ნეაპოლელებს იმედი ჰქონდათ, რომ ახალ სეზონში მათი მწვრთნელი ლუის ენრიკე იქნებოდა. აურელიო დე ლაურენტისის მთავარი სამიზნე სწორედ ის იყო, მაგრამ ესპანელმა უარი თქვა. ამის მიზეზი იმდენად სხვა კლუბების ზეწოლა და კონკურენცია არ იყო, რამდენადაც მისი პირადი დამოკიდებულება — ლუის ენრიკეს არ სჯერა, რომ „ნაპოლის” პროექტს პერსპექტივა აქვს.
B გეგმა ვინჩენცო იტალიანოს დაქირავებაა, მაგრამ ამ საკითხს ფრთხილად უნდა მივუდგეთ. სრულიად შესაძლებელია, რომ „ფიორენტინას” იტალო-ამერიკელმა მეპატრონემ როკო კომისომ თავისი მწვრთნელის გაშვება სულაც არ ისურვოს. მეტიც, ის შეიძლება განაწყენდეს, რომ იტალიანოს წინადადებებით ხელს უშლიან და თავგზას ურევენ.
ექსპერტი ამბობს, რომ დღეს ყველა კონფერენციის თასის ფინალს ელოდება, სადაც „ფიორენტინა” „ვესტ ჰემს” ხვდება. ეს კიდევ ერთ საკითხს მოჰფენს ნათელს. ყოველ შემთხვევაში დამატებით შტრიხს შეიტანს. ერთხელაც გამოჩნდება არის კი იტალიაონო იმ დონის მწვრთნელი, რომელიც დე ლაურენტისს სჭირდება. „ნაპოლის” მეპატრონის სიტყვები, რომ მან ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, ბევრს ხომ ლოდივით დაადგა ყელზე.
არის ლაპარაკი „ბოლონიას” თავკაც ტიაგო მოტაზეც, თუმცა მისთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს. ბრაზილიაში დაბადებულმა იტალიელმა თავისი აგენტების, მამა-შვილი კანოვების პირით განაცხადა, რომ „აძურიში” გადასვლა არ აინტერესებს.
ჩირო ვენერატოს თქმით დე ლაურენტისი იულიან ნაგელსმანის ვარიანტსაც განიხილავდა, მაგრამ დაირხა ხმა, რომ ის „პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელი ხდება. ამბობენ, რომ პარიზულმა კლუბმა 35 წლის გერმანელი თვით ზინედინ ზიდანს და ჟოზე მოურინიუს ამჯობინა.
და ბოლოს, რობერტო მანჩინი, რომელიც ასევე 4-3-3 განლაგების სპეციალისტია… ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ დე ლაურენტისი მას მართლა დაუკავშირდა, თუმცა „ფიორენტინას”, „ლაციოს”, „ინტერის”, „მანჩესტერ სიტის”, „გალათასარაისა” და „ზენიტის” ყოფილი მწვრთნელი ამბობს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას პირს ვერ უტეხავს და ნაკრების მწვრთნელად დარჩება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
