მამარდა და კიდევ ოთხი ვალენსიელი

Home აქეთურ-იქითური მამარდა და კიდევ ოთხი ვალენსიელი
მამარდა და კიდევ ოთხი ვალენსიელი

ესპანური პორტალი plazadeportiva წერს, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ ლა ლიგის პირველობა გრძელდება და „ვალენსია”, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, უმაღლეს ეშელონში ადგილის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. „ღამურების” ახალ მწვრთნელს რუბენ ბარახას ახლა, როგორც არასდროს ისე სჭირდება ჯანმრთელი, კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები.

პორტალი წერს, რომ გუნდს ჰყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელსაც ტრავმის თუ სხვა ფიზიკური პრობლემის გამო თამაში არ გაუცდენია.

„მათ შორის პირველი არის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც არათუ მატჩი არ გამოტოვა, არამედ ლა ლიგის შეხვედრებში რამდენი წუთიც ჩატარდა, იმდენი ითამაშა. გიორგიმ 2340 წუთი დაჰყო მოედანზე. კარში მისი სტატუსი ურყევია. ქართველი შესაშური ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანია, რაც მას აძლევს საშუალებას ყველა შეხვედრის ყველა წუთი მოედანზე დაჰყოს”, — წერს plazadeportiva.

კიდევ ორი ვალენსიელი, რომელთაც ტრავმის გამო თამაში არ ჩაუგდიათ არიან მცველები ფრანგი დიმიტრი ფულკიე და თუ თურქი ჩენკ ოსკაჩარი. პირველმა 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (11-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში), მეორემ კი 10-ში (7 სასტარტო).

პორტუგალიელი ნახევარმცველი ანდრე ალმეიდაც იმავე მარაქადან არის — მან მესამე ტურიდან დაიწყო („ატლეტიკოსთან” შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა) და ბოლო ტურამდე სულ სასტარტო შემადგენლობაში იყო. ბოლო ტურში, ისევ „ატლეტიკოსთან” კვლავ სათადარიგო გახდა და თამაშში მოგვიანებით ჩაერთო.

და ბოლოს თავდამსხმელი სამუელ ლინო ოცდაექვსივე განაცხადში იყო და 24 ტურში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.