„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მოგების შემდეგ ქართველი ლეგიონერები თავთავიანთ ფრანგულ კლუბებში დაბრუნდნენ და თავი არც იქ შეურცხვენიათ.
ტოპ 14-ში გურამ პაპიძემ გამოიჩინა თავი, ხოლო პრო დ2-ში – თორნიკე ჯალაღონიამ. თუმცა, სჯობს, ყველაფერზე რიგრიგობით ვთქვათ.
ორივე ფრანგულ ელიტურ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 5-5 ტურიღა დარჩა და უკვე დღეს შეიძლება საუბარი გამოკვეთილ კონტურებზე.
ტოპ 14
ევროპის უძლიერეს ლიგაში კვლავაც „ტულუზი“ ლიდერობს, ოღონდ მდევარს უკვე მხოლოდ 6 ქულით უსწრებს. ტულუზელებმა კასტრში უშანსოდ წააგეს, რაშიც თავისი 10-წუთიანი წვლილი ლევან ჩილაჩავამაც შეიტანა. მეორე ადგილზე კი „ლა როშელი“ ავიდა, რომელმაც ბორდოში ლექსო ყაულაშვილის კლუბი 36:6 გაანადგურა და ბონუსიც მიიღო. ლექსომ საწყისი 50 წუთი ითამაშა.
მესამე საფეხურზე „სტად ფრანსე“ დარჩა, რომელმაც პარიზულ დერბიში „რასინგ-92“-თან 13:17 წააგო. ამ მატჩში ერთბაშად ოთხმა ბორჯღალოსანმა ბურჯმა მიიღო მონაწილეობა – ყოფილმაც და მოქმედმაც. ნომინალურ მასპინძელთაგან – გიორგი მელიქიძემ და ვასილ კაკოვინმა, სტუმართაგან – გურამ გოგიჩაშვილმა და გია ხარაიშვილმა. ამ გამარჯვებამ „რასინგი“ სანუკვარ ექვსეულს მიუახლოვა.

„ლიონმა“ შინ „ტულონთან“ 23:27 წააგო და სანუგეშო ბონუსსღა დასჯერდა. მასპინძლებში სრულად ითამაშეს ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა, ხოლო სტუმართა შორის დასკვნითი 34 წუთი ბექა გიგაშვილმა გაატარა. „ლიონი“ მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა, ხოლო „ტულონი“ მეექვსეზე ავიდა.
„პერპინიანმა“ მაგრად იომა ჩემპიონი „მონპელიეს“ წინააღმდეგ და ბოლოსღა დათმო თამაში – 22:23. ამ საშინაო ბონუს-ქულის მოპოვებაში კატალონიელებს გიორგი თეთრაშვილი დაეხმარა, რომელიც 59-ეზე ჩაერთო მატჩში.
დაბოლოს, ქართული ლელოს შესახებაც. ბაიონში ბასკური დერბი გაიმართა, რომელიც სტუმარი „პოს“ გამარჯვებით დასრულდა – 30:20. სტუმართა შორის სრული 80 წუთი მოედანზე კაპიტანმა ბექა გორგაძემ გაატარა, ხოლო გურამ პაპიძე ბრძოლაში 46-ე წუთზე ჩართეს. ჰოდა, ბორჯღალოსანმა ბურჯმა 72-ე წუთზე თავისი გუნდის ხანგრძლივი შეტევა ძალისმიერი გარღვევით დააგვირგვინა.

ეს იყო გურამის პირველი ლელო სეზონის მე-17 მატჩში, სულ კი პაპიძემ საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე 70 მატჩი გამართა და 6 ლელო გაიტანა. ამ გამარჯვებამ „პო“ სახიფათო ზონას 2 ქულით დააშორა.
პრო დ2
პრო დ2-ის 25-ე ტურში 15-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და აქაც ბორჯღალოსანმა ისახელა თავი.
თორნიკე ჯალაღონიამ „მონ-დე-მარსანთან“ გასვლითი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 57-ე წუთზე მასპინძელთა დაცვის ეფექტურად გარღვევით ლელო დადო. გარდასახვის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა – 21:21, მაგრამ დარჩენილი დრო მონტუაზელთა კარნახით წარიმართა და ლაშა მაჭარაშვილის გუნდმა 31:21 მოიგო. ბასკთა შორის კი, ჯალაღონიას გარდა, 53-ე წუთზე ლუკა აზარიაშვილიც გამოჩნდა.
თორნიკემ სეოზნში მეოთხე ლელო მიითვალა, ჯამში კი მის პირად ანგაიშზე საფრანგეთის ჩემპიონატის 48 მატჩი და 8 ლელოა.

ლიდერი ამ ლიგაშიც უცვლელია – „ოიონაქსს“ 92 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „გერნობლს“ მთელი 22 ქულით უსწრებს.
იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპ
ვახო აბდალაძემ ტრავმა მოიშუშა, მაგრამ „ლენსტერში“ მისი დაბრუნება ირლანდიური გრანდისთვის მთლად ფეხბედნიერი არ ყოფილა. ლენსტერელებმა სეზონში პირველად ვერ მოიგეს – შინ სამხრეთაფრიკულ „სთორმერსს“ 22:22 დაუზავდნენ, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ ამ ფრენჩაიზთან 13-ქულიანი ჰანდიკაპი კი დაიტოვეს. აბდალაძემ ბოლო 19 წუთი ითამაშა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე14/04/2026 | 13:24შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…
დავთარი06/04/2026 | 19:041 ევროპული და 5 ფრანგული
დავთარი02/04/2026 | 20:08შორეული იმედები
დავთარი30/03/2026 | 17:15შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა
