რა არის საჭირო იმისათვის, რომ ხალხმა თქვენი სახელი შეიყვაროს? ჩვეულებრივ საჭიროა ნიჭი, მაგრამ ხშირად ყურის მომჭრელი მეტსახელიც უნდა დაემატოს. გაიხსენეთ ელვისი, როკი ან ახლახან გარდაცვლილი პელე. მკვეთრი, მოკლე… და ეფექტური. ისეთი, პლაკატს რომ მოუხდეს. მაგრამ დროგამოშვებით გვხვდება სახელი, რომლის წარმოთქმა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ენას იტეხ და მაინც გამოთქვამ. იმიტომ, რომ მისი პატრონი საოცრებებს სჩადის. აი, ამიტომ აკერია ყველას პირზე ხვიჩა კვარაცხელია.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბევრ ფეხბურთელს ვერ მოვარგებთ სიტყვას — „აღმოჩენა“. ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ გადასულმა ქართველმა გარემარბმა კი დაიწყო „ვინ?“ და „კვარა რაო?“-თი და კარიერაში პირველი ჯგუფური ეტაპი დაასრულა ორი გოლითა და სამი საგოლე პასით როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამანადგურებელმა იარაღმა. არადა, წინა სეზონში, ნეაპოლის ყურეში, KK-ს ხსენებაზე ხალხს მათი საყვარელი „ჩელსიში“ გადასული ცენტრალური მცველი კალუდუ კულიბალი ახსენდებოდა, ხოლო მარცხენა ფრთა კაპიტნისა და ადგილობრივი ბიჭის ლორენცო ინსინიეს საკუთრება იყო.
ძნელია გაიხსენო უცნობი, რომელმაც იტალიაში ასეთი მყისიერი ეფექტი მოახდინა. ანდრეი შევჩენკო სერია A-ში რომ გადავიდა, პირველ სეზონში მეტოქეებს კი ატერორებდა, მაგრამ მანამდე კიევის „დინამოში“ ბრწყინავდა. კაკამ „„კალჩო“ იოლად დაიპყრო, ოღონდ მანამდე, 2002 წელს, ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახლდათ და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო. „ტორონტოში“ გადასული ინსინიეს შემცვლელი კი არავინ იცოდა, რას მოიმოქმედებდა. და აი, ნახევარ წელიწადში KK II „დიეგო მარადონას“ საყვარელი მოთამაშე გახდა, ხოლო მისი თაყვანისმცემლების ლაშქარი „აძურის“ გულშემატკივართა რიგებს გასცდა.
ფაბრიციო რავანელის, რომელმაც 1996/96 წლებში „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კვარაცხელია მიაჩნია მომაკვდავი სახეობის წარმომადგენლად ანუ შემოქმედ თავდამსხმელად, რომელიც უარს ამბობს მისდიოს შაბლონსა და რუტინას. „მინდა ფაბრიციოს ამ სიტყვებისთვის მადლობა ვუთხრა, — უთხრა კვარამ ჟურნალ „ჩემპიონს“ — ასეთი რამ პირველად მესმის. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ცნობილი ადამიანი გაქებს. საერთოდ, საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. ჯობს ეს საქმე მედიამ და ფეხბურთში გარკვეულმა ხალხმა აკეთოს“.
საბედნიეროდ, მისი ნიჭის დანახვას განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება. მარცხენა გარემარბი გამოირჩევა ბგერის სიჩქარეზე უფრო მაღალი სისწრაფით და საუცხოო დაგვირგვინებით — აწვდის საგოლე პასს ან ორივე ფეხით ნაირ ნაირად არტყამს. ლუჩანო სპალეტის წარმატებული გუნდი პირდაპირ, ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ელვისებულ კონტრშეტევებსაც მიმართავს. თუ თქვენ ბურთს მოედნის შუაში კარგავთ და ის KK-თან მიგორავს, ესე იგი წინ დიდი პრობლემა გელით.
ჯგუფურ ეტაპზე 22 წლის ქართველმა „ლივერპული“ და „აიაქსი“ გააწამა. გოლი, რომელიც მან ამსტერდამში გაიტანა ნამდვილი მარგალიტი იყო. ჯაკომო რასპადორისთან „კედელი“ გაითამაშა, შემდეგ კი ახლო კუთხიდან ღიმილისმომგვრელი სიმშვიდით შეაგდო ბურთი შორეულ კუთხეში. თუმცა KK საერთაშორისო რუკაზე პირველად ნეაპოლში, „ლივერპულთან“ შეხვედრაში, ჯოვანი სიმეონესთვის მიწოდებული საგოლე პასით დაფიქსირდა. მან შეტევა მარცხნივ, მოედნის კიდიდან დაიწყო, მოატყუა და ჩამოიტოვა ტრენტ ალექსანდერ არნოლდი, შეიჭრა საჯარიმოში, ჩამოიფერთხა ჯანიანი ჯო გომესი და ბურთი ვირჯილ ვან დაიკსა და ალისონ ბეკერს შორის გააძვრინა. მოკლედ, ბურთი სიმეონეს ლანგრით მიართვა და მას მერე მოცეკვავე ქართველს „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა დაუჯერებელი მეტსახელი „კვარადონა“ შეარქვეს — მეტსახელი, რომელიც კლუბის ყველა დროის უდიდეს ლეგენდას აგონებთ.

„თავიდან ყველაფერი ცოტა დაუჯერებლად მეჩვენებოდა. ჩემი სახელის ასეთ ფეხბურთელთან დაკავშირებას არ ველოდი, მაგრამ მერე ამან წამახალისა, — ამბობს კვარა, — პირველად არ ვიცოდი როგორი რეაქცია უნდა მქონოდა, უნდა მეთქვა თუ არა მადლობა. თანდათანობით კი შევეგუე და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსიამოვნებს, რადგან ასეთ ფეხბურთელთან შედარება საუცხოო შეგრძნებაა“.
მკრეხელურად ჟღერს, მაგრამ კვარაცხელიას „აძურიში“ მარადონაზე უკეთესი სტარტი ჰქონდა. არგენტინელთა ათმა ნომერმა პირველი სეზონის (1984/85) ნახევარი იმის გარკვევაში გაატარა, რა სჯობდა, მთელი აქცენტის სისწრაფეზე გადატანა თუ ჭკვიანურ ცრუ მოძრაობებზე შეჩერება, მაგრამ როდესაც საუკეთესო ვარიანტს მიაგნო, გუნდს ორჯერ იტალიის ჩემპიონობა და ერთხელ უეფას თასი მოაგებინა. ის საფეხბურთო ვნებით შეპყრობილ მეგაპოლისში ღვთაება გახდა. კამპანიის დედაქალაქს კი ხალხის შეშინება და განადგურება შეუძლია. და რას ფიქრობს მორიდებული თბილისელი ახალგაზრდა თავის ახალ ხმაურიან სახლზე?
„ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ აქ ხალხი მართლა ფეხბურთით ცხოვრობს. ქალაქში რომ გავდივარ ამას კარგად ვხედავ. მათ უყვართ ფეხბურთი და განსაკუთრებით ეთაყვანებიან მარადონას. საითაც გაიხედავთ, ყველგან მარადონაა. ტაქსისტებს მანქანების უკანა მხარეს მარადონა უხატიათ. ისინი ფეხბურთს ეთაყვანებიან და მისთვის ცხოვრობენ“.
სიურეალისტურია ის, გასულ გაზაფხულს, კვარაცხელია საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა. ნეტავ მართლა ფიქრობდა, რომ ჩემპიონთა ლიგაში ასეთი ვარსკვლავური სტარტი ექნებოდა?
„ცოტა ძნელი იყო წარმოდგენა არა თუ ჩემპიონთა ლიგაში, არამედ სერია A-ს გუნდში ვითამაშებდი. თავი სიზმარში მეგონა, მაგრამ როდესაც მდგომარეობა გავაანალიზე, მივხვდი, რომ უკვე სხვა დონეზე ვთამაშობდი, მატჩებისთვის ფიზიკურადაც სხვანაირად უნდა მოვმზადებულიყავი: დარბაზში ტრენაჟორებთან მუშაობა დავიწყე. ადაპტაცია მალე შევძელი, სიტუაციას სწრაფად ავუღე ალღო“.
სწრაფი ადაპტაცია — აი, რა უნდა აეთვისებინა მას და რაც შეიძლება მალე. გასული წლის დასაწყისში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა. მალე მისმა კონტრაქტმა ძალა დაკარგა და იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო, სადაც ბათუმთან გააფორმა ხელშეკრულება. შეიძლება ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ მას ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაედგა. კვარაცხელიას დაბრუნებამ ქართულ ფეხბურთს ახალი ენთუზიაზმი შთაბერა.
„ხალხი მეტად ჩაერთო ფეხბურთში, — ამბობს ის, — სტადიონები გაივსო. შეიქმნა ატმოსფერო, რომელიც ქართულ ფეხბურთს ასე აკლდა. სავსე ტრიბუნები ფეხბურთელებსაც ენატრებოდათ. ფანებს ხომ უნიკალური და ფასდაუდებელი სტიმულის მოცემა შეუძლიათ. მათ გარეშე დამატებით მოტივაციას ვერ მიიღებ. საქართველოს ჩემპიონატში ბევრი საუცხოო ფეხბურთელია. მათ შეუძლიათ გაიზარდონ და სრულყოფილი მოთამაშეები გახდნენ. მე მაგალითად ვინმეს გავუშვებდი მატჩებზე დასასწრებად და მათთვის მხარის დასაჭერად“.
თავად კვარაცხელიას რამდენიმე შთაგონების წყარო ჰქონდა, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესი მისი ოჯახი იყო. მამამისი ბადრი, აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილი წევრი, კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა და რასაკვირველია შვილზე დიდი გავლენა იქონია. „მამაჩემის რჩევებმა დიდი როლი ითამაშა. ის ყოველთვის მზად იყო დამხმარებოდა. ვარჯიშებზე კი დედას დავყავდი. ამინდის მიუხედავად დედა ბოლომდე მელოდა“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა კი შორს, მადრიდში ცხოვრობდა: „გუტი მართლა აღმაფრთოვანებდა. მახსოვს თეთრი მაისური ვიშოვე და ზურგზე მარკერით რიცხვი 14 დავაწერე“.
კვარა „რეალისადმი“ კვლავ სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ თავისი ხელით მაისურების შექმნა აღარ სჭირდება. ის თავისუფალ დროს ცნობილი სატელევიზიო სერიალების, კერძოდ 2000-იანი წლების კლასიკის „ციხიდან გაქცევის“ ყურებაში ატარებს („ამ სერიალს უკვე მესამედ ვუყურებ“, — თქვა ხვიჩამ), უფრო თანამედროვეებიდან კი „უცნაური ამბების“ ბოლო სერიებით არის გართული. ბოლოს და ბოლოს ამ სერიალის პირველ ეპიზოდში არის ასეთი პერსონაჟი: ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული წყნარი, ახალგაზრდა ფენომენი უჩვეულო სახელით, რომელიც არსაიდან მოვიდა რათა ხალხი გამოაფხიზლოს. ვინმეს ხომ არ გაგონებთ?
საქართველოს სიამაყე
შეუძლებელია იმ გავლენის დაკნინება, რაც დღეს ხვიჩა კვარაცხელიას ქართულ ფეხბურთზე გააჩნია.
თუკი თბილისის ქუჩებში „ნაპოლის” თამაშის დროს ხეტიალობთ და მრავალბინიანი კორპუსის ღია სარკმლებიდან, გაუზვიადებლად რომ ვთქვათ, ყიჟინა ისმის, ეს-ესაა ჩვენმა ქორფა სენსაციამ გოლი გაიტანა.
ეს საფეხბურთო ქვეყანაა და დიდებულია გყავდეს ვინმე, ვისაც კვლავ ეთაყვანებიან.
თბილისში ბარ-რესტორნები პირთამდე სავსეა, როცა “ნაპოლის” თამაშია, ხოლო ოქტომბრიდან მოყოლებული საქართველოს დედაქალაქსა და ნეაპოლს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაა, ჩვენი დროის გმირის საქმეში სანახავად.
ჩემს 87 წლის ბაბუდა მერისაც კი ყველაფრის ცოდნა სურს კვარაზე, და ეს მაშინ, როცა აქამდე ფეხბურთზე კრინტი არ დაუძრავს.
ამავდროულად, იტალიაში მცხოვრები ქართველები იუწყებიან, რომ მათ მიმართ სითბომოჭარბებული მოპყრობა თვალსაჩინოა.
ამ ბიჭუნას ნახვა აღგაფრთოვანებთ. ის ჩვენი ქალაქიდანაა და ევროპას ქარის უსწრაფესად იპყრობს. 19 თამაშში მან უკვე ათჯერ აიღო საქართველოს ნაკრების მეტოქეთა კარი, მაგრამ მისი კაშკაშა თამაშის ხილვა ჩემპიონთა ლიგაში სულ სხვა რამეა. ის ჯანსაღი სუნთქვაა, პოზიტიური, თავდაჭერილი, რომელსაც უბრალოდ მოედანზე ყოფნა სწყურია. როცა მას Campions Journal-თვის ზუმით ვესაუბრეთ, ჯერაც იგრძნობოდა თამაშზე შეყვარებული ბიჭის ჭაბუკური მღელვარება.
ნეაპოლის დარ ქალაქში თამაში დიდ წნეხს გულისხმობს და ამის მიუხედავად ახლა ის უფრო მომწიფებული ჩანს, ნაკლებად ემორჩილება ბრაზს, როცა მსაჯის გადაწყვეტილება მის წინააღმდეგაა, ანდა ხშირად მოტყუებული მცველი უკნიდან ურტყამს. ნეაპოლში ის ჩაკეტილი ცხოვრების წესს მისდევს, თუმცა მშობლების გვერდში ყოლა რა თქმა უნდა, ადაპტირებაში ეხმარება.
კვარას იტალიაში ჩასვლას თან სდევდა მხარდაჭერის ზარი თბილისის მერის, კახა კალაძისგან. კალაძე ფეხბურთელობისას ერთადერთი ქართველი გახდა, ვინც „მილანის” შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონთა თასი 2003 და 2007 წლებში ორჯერ აღმართა. მაგრამ კალაძე მცველი იყო. ასე რომ, კვარას შედარება უმჯობესია გიორგი ქინქლაძესთან, რომელიც თავის მხრივ გამთამაშებელი უფრო იყო, ვიდრე გამოკვეთილი თავდამსხმელი, ოღონდ, ჩემპიონთა ლიგის დონეზე წარმატება არ ჰქონია.
ყოველ შემთხვევაში, ისეთი ვერა, როგორიც კვარას ჰქონდა გახსნით ტურში „ლივერპულთან“, როცა დაადასტურა ის, რის იმედიც გვქონდა – ეს ბავშვი ნამდვილი საჩუქარია. „წითლებს” განსაკუთრებული ადგილი აქვთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ეს მას შემდეგ მოდის, რაც თბილისის „დინამომ“ ისინი პირველივე ეტაპიდან გამოთიშა 1979/80 წლების სეზონის ჩემპიონთა თასიდან. 1:2 მარცხი ენფილდზე და საშინაო გამარჯვება – 3:0 სრულიად ბრიტანულ თავსხმაში, 92 ათასი გულშემატკივრის თვალწინ.
უამრავია ქართველია, ვინც „ლივერპულს” დღესაც ქომაგობს, მაგრამ ისინიც ამაყობდნენ როდესაც ხედავდნენ, თუ როგორ უსწორდებოდა ერთ-ერთი ჩვენგანი საუკეთესოებს, სექტემბრის იმ თბილ, ნეაპოლურ ღამეს.
Campions Journal
ვახტანგ ბზიკაძე; შერიდან ბირდი
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
სარბიელი26/12/2025 | 17:05კვარა მინუს 1
კატეგორიის გარეშე25/12/2025 | 17:2226 დეკემბერი, 21.00 საათი – ვინ გახდება 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?
კატეგორიის გარეშე16/10/2025 | 22:55
ინტერვიუ15/08/2025 | 15:09ბიჭი ლა როშელიდან…
