დღეს იტალიაში ბევრი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭი ჯერ კიდევ როდის ჰქონდა შემჩნეული. ერთ-ერთი მათგანია 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, „ბოლონიას”, „პალერმოს”, „ვოლფსბურგის”, „პარმას”, „მილანისა” და კიდევ რამდენიმე სხვა კლუბის ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ძაკარდო.
„მე ჯერ კიდევ სამი წლის წინ ამ ოპერაციის შუამავალი ვიყავი, — უთხრა ძაკარდომ „ლა გაძეტა დელო სპორტს” , — როდესაც ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, ვითარება სხვანაირი იყო. მე ის, როგორც გითხარით, პირველად სამი წლის წინ ვნახე და მყისიერად შემიყვარდა. მისმა ნიჭმა ჩემზე შოკურად იმოქმედა. მაშინვე დავუკავშირდი მის გარემოცვას, რომელთაც მკითხეს, რა ვარიანტები მქონდა იტალიაში. ჩვენ უწინარეს ყოვლისა „ნაპოლიზე” ვიფიქრეთ, რადგან კვარაცხელიათი კრისტიან ჯიუნტოლიც იყო დაინტერესებული და „რუბინთან” ნიადაგი უკვე მოსინჯული ჰქონდა. მაშინ პანდემიამ გაართულა ყველაფერი. იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ოჯახი ფიქრობდა, რომ საბოლოოდ მაინც „ნაპოლიზე” შეჩერდებოდნენ.
ოჯახი „ნაპოლიზე” იმიტომ ფიქრობდა, რომ ეს არის სერიოზული კლუბი, რომელიც დიდ ფსონს ჩამოდის ახალგაზრდებზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ „ნაპოლიში” მუშაობს სპალეტი, ფეხბურთის დიდებული მასწავლებელი. მისი ხელმძღვანელობით კვარა გაიზარდა. ის დრიბლიორად არის დაბადებული, მაგრამ დღეს ყველა სიტუაციაში კაცის მოტყუებას აღარ იწყებს, კომბინაციურ თამაშში მონაწილეობს. ის ლამაზი ფეხბურთის მიმდევარი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
…მე კვარაცხელიების მთელს ოჯახს ვიცნობ, მათ შორის უმცროს ძმას თორნიკეს, რომელიც იმედისმომცემი ბავშვია. ნაწილობრივ საქმისა და ნაწილობრივ სიამოვნების გამო „ნაპოლის” ყველა თამაშს ვუყურე. პირდაპირ გეტყვით, ასე კარგად ცოტა გუნდი თამაშობს. მე ვაკვირდები კვარას ზრდას და ვხედავ, რომ გარემოსა და ფანებთან სრულ ჰარმონიაშია. ის ძლიერი ხასიათის სამაგალითო ბიჭია, რომელსაც ზეწოლა ვერ თრგუნავს.
…სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველოში ახალი ტალანტი აღმოვაჩინოთ. საქართველოს ნაკრები თანდათან ძლიერდება და 21-წლამდელთა გუნდიც ჩინებულად მუშაობს. იქ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელია. ივნისში მე ვიმოძრავებ რუმინეთსა და საქართველოს შორის, სადაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება და ამომავალ ქართველ ვარსკვლავებს ახლოდან დავაკვირდები”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
