ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში „სევილიამ” შინ 3:0 დაამარცხა დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი”, თუმცა ანგარიში ძალთა შორის განსხვავებას ობიექტურად ვერ ასახავს. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ დანიელებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი მასპინძელთა კარის ძელს და შეხვედრის ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, ესპანურ გუნდს თვალისმომჭრელი უპირატესობა ნამდვილად არ ჰქონია.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მცველს, მან ღირსეულად ითამაშა, თუმცა მატჩის ბოლოს, 90+5 წუთზე ისკოს წინააღმდეგ ტექნიკურად გამართული ილეთი ვერ შეასრულა, მეტოქეს ფეხი ფეხში უკნიდან მიარტყა და წითელი ბარათით დაისაჯა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში ფრანგმა მსაჯმა ბენუა ბასტიენმა ხოჭოლავას თავიდან ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ VAR-ის ოთახში ეს სასჯელი საკმარისად არ მიიჩნიეს და არბიტრს ყვითელი წითლით შეაცვლევინეს.
ამრიგად, „სევილიამ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი თამაში მოიგო და იმედი ჩაესახა, რომ ჯგუფურ ეტაპს გადალახავს. ამ თამაშის წინ ორივე გუნდს დარჩენილ ორ ტურში 6 ქულა სჭირდებოდა, რის შანსიც ახლა მხოლოდ ანდალუსიელებს აქვთ.
მასპინძლებმა პირველი გოლი 61-ე წუთზე გაიტანეს. ეს მაროკოელმა იუსეფ ენ ნესირიმ შეძლო, თუმცა თამაშის ბედი 88-ე წუთზე „რეალის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულმა ისკომ გადაწყვიტა, რომელმაც მისთვის ჩვეული ეფექტური დარტყმით ჩასვა ბურთი „კოპენჰაგენის” ახალგაზრდული გუნდის კარში.
90+2 წუთზე მესამე გოლი გატეხილ სტუმრებს არგენტინელმა გონსალო მონტიელმა გაუტანა.
ბოლო ტურში „კოპენჰაგენი” „დორტმუნდს” მასპინძლობს, ხოლო „სევილია” „მანჩესტერ სიტის” სტუმრობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 09:56ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 08:37ადამიანის უფლებების მხრივ ყველგან წითელი ანთია!
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 08:26რიკელმე ამომრჩეველს კლოპსაც ჰპირდება
აქეთურ-იქითური06/06/2026 | 07:51პარი სენ ჟერმენის დამატებითი შემოსავალი
