ლუჩანო სპალეტის უწოდეს დაუფასებელი გენიოსი, რომელმაც „ნაპოლი” ააღორძინა. ცნობამ ტოსკანელი მწვრთნელის წარმატების შესახებ ლა მანშს გადაღმაც დაიქუხა. ყველამ შეიტყო, რომ სპალეტის „ნაპოლი” იტალიასა და ევროპაში შოუებს დგამს. ბრიტანულმა მაუწყებელმა BBC-მ საგანგებო ყურადღება დაუთმო ნეაპოლელთა თავკაცს და გაიხსენა, რომ ის კამპანიელ გულშემატკივარს არ უყვარდა. მანქანაც კი მოპარეს და შეუთვალეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგიბრუნებთ, თუ ჩვენი გუნდის მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგებიო.
„ახლა მათ თავიანთი სიტყვები უკან უნდა წაიღონ,” — წერს BBC თავის საიტზე. ევროპული ფეხბურთის ექსპერტი, ესპანელი გილემ ბალაგე ამბობს, რომ ის, რაც „ნაპოლიმ” „ლივერპულთან” შეხვედრაში აჩვენა, იყო იდეის მქონე გუნდის თამაში.
BBC-მ აგრეთვე გაიხსენა ის დრო, როდესაც სპალეტი ინგლისში, ჟოზე მოურინიუს ნაცვლად „ჩელსის” თავკაცად უნდა დაენიშნათ, მაგრამ იტალიელმა ინგლისური არ იცოდა და თავს ამ ამოცანისთვის მზად არ გრძნობდა.
ლუჩანო სპალეტიმ კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2016 წელს გადადგა, როდესაც რომში დაბრუნდა. მაშინ მას უმძიმესი დავალება მისცეს, ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტი ფეხბბურთიდან უნდა გაეცილებინა და თან ძლიერი „რომა” შეენარჩუნებინა.
BBC-მ სპალეტი დაახასიათა, როგორც თანამედროვე ფეხბურთის გიჟურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ნოვატორი მწვრთნელი, რომელიც სერია A-სთვის ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოჩენილ ყველაზე კონტრ-კულტურულ ფიგურას წარმოადგენს.
„თუ ის ამ სენსაციურ სერიას შეინარჩუნებს, „ნაპოლის” დიეგო მარადონას შემდეგ პირველ ტიტულს მოუტანს”, — წერს ინგლისური მაუწყებელი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
