კელვინ ბესეი „აიაქსში” „რეინჯერსიდან” ზაფხულში გადავიდა და ყველას ეგონა, რომ ის ამსტერდამის გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, მაგრამ რაღაც არ აეწყო და საქმე იქამდე მივიდა, რომ „ნაპოლისთან” 1:6 დამარცხება აოსტაში დაბადებულ ნიგერიელს დააბრალეს. სხვა სიტყვებით, როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, ნიდერლანდებში განტევების ვაცი იპოვეს.
რაც შეეხება აოსტას და იმას, თუ რატომ გაუსვა იტალიურმა გაზეთმა ბესეის დაბადების ადგილს ხაზი. აოსტა გახლავთ ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ალპებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იტალიურად და ფრანგულად ლაპარაკობს. ნიგერიელი მცველი 1999 წლის 31 დეკემბერს სწორედ იქ მოევლინა ქვეყანას, შემდეგ კი მისი ოჯახი ინგლისში გადასახლდა.
ბესეიმ „რეინჯერსში” ისე გაითქვა სახელი, რომ მისი შეძენით ევროპაში ბევრი დაინტერესდა. გასულ სეზონში მან კინაღამ ევროპის ლიგა მოიგო, მაგრამ ფინალში არ გაუმართლა, ფრანკფურტის „აინტრახტთან” დამარცხდა. მაშინ პენალტების სერიაში ინგლისელმა ალფ რემზიმ ვერ იყოჩაღა. შეგახსენებთ, რომ იტალიურ ფეხბურთთან რემზიც არის დაკავშირებული. ის „იუვენტუსში” გამოდიოდა.
და აი, „იოჰან კრუიფ არენაზე” 1:6 განადგურების შემდეგ გლაზგოში გამომავალმა „დეილი რეკორდმა” დაბეჭდა, თუ როგორ გააკრიტიკა ჰოლანდიურმა მედიამ „რეინჯერსის” ყოფილი მცველი ბურთის ხშირი კარგვისა და სხვა შეცდომების გამო. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ნიდერლანდელმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა „ნაპოლის” ძლიერების დანახვას განტევების ვაცის ძებნა ამჯობინეს.
ლეგენდარულმა მარკო ვან ბასტენმა კი ასე თქვა: „მოდი ვაღიაროთ — 1:6 განადგურებაა. „ნაპოლიმ” ასე ვერ უნდა დაგჩაგროს. კი, ნეაპოლელებს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ეს „აიაქსს” არ ამართლებს. სატრანსფერო ბაზარზე ამსტერდამელთა აქტივობას ნიღაბი ჩამოეხსნა: რაში გადაყარეს 100 მილიონი ევრო? მოედანზე სულ ორი ფეხბურთელი დავინახეთ, კელვინ ბესეი და სტივენ ბერგვაინი, ოღონდ ისინიც საცოდავად თამაშობდნენ. ზაფხულში კლუბს უცნაური და სულელური ტრანსფერები ჰქონდა. რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
