კვარამ ლენტინის ახალგაზრდობა გაახსენა

Home კატეგორიის გარეშე კვარამ ლენტინის ახალგაზრდობა გაახსენა
კვარამ ლენტინის ახალგაზრდობა გაახსენა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში” ეფექტური თამაშით სახელი გაითქვა და არა მარტო საქართველოში, იტალიასა და  მთელს მსოფლიოში შეიძინა თავგადაკლული გულშემატკივრები. დღე არ გავა, აპენინებზე მის შესახებ რომ არ დაწერონ. ახლაც, როდესაც ევროპაში სანაკრებო კვირეულია და ფეხბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებში არიან დაქსაქსულები, „ლა გაძეტა დელო სპორტი” თავის საიტზე აქვეყნებს ვიდეოს თბილისიდან, საქართველოს ეროვნული გუნდის ვარჯიშიდან, სადაც კვარა მისთვის დამახასიათებელი დარტყმით ბურთს ეგრეთწოდებულ ცხრიანში აგდებს. ის ნაკრების ვარჯიშზეც ამტკიცებს, რომ ფეხი გახურებული აქვსო, წერს მილანური გაზეთი.

„ლა გაძეტა დელო სპორტი” სხვა წერილში ამბობს, რომ სადღეისოდ კვარაცხელია სერია A-ს გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც სეზონის ამ მონაკვეთში ყველას თვალი მოჭრა. და როგორც უკვე ბევრჯერ მომხდარა, ის წარსულის ვარსკვლავს, ამჯერად ავტოავარიაში მოხვედრამდე უსწრაფეს გარემარბს ჯანლუიჯი ლენტინის შეადარეს.

„მოძრაობაში, როდესაც ბურთს ფლობს, მისი შეჩერება შეუძლებელია, — თქვა ლენტინიმ და დასძინა, — მართლაც მე მგავს”.

ჯანლუიჯი ლენტინი 1992-96 წლებში „მილანში” ბრწყინავდა, საგზაო ინციდენტის შემდეგ კი მართალია კარიერა გააგრძელა, მაგრამ ძველებურად ვეღარ ითამაშა. იტალიის ნაკრებში მან 13 შეხვედრა ჩაატარა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.