სპალეტის შედეგი იმდენად არ აინტერესებდა

Home კატეგორიის გარეშე სპალეტის შედეგი იმდენად არ აინტერესებდა
სპალეტის შედეგი იმდენად არ აინტერესებდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” თურქულ „ადანა დემისფორთან” 2:2 ითამაშა. ნეაპოლელთაგან ორივე გოლი 26 წლის მექსიკელმა თავდამსხმელმა ირვინგ, იმავე ჩაკი ლოსანომ გაიტანა. პირველ შემთხვევაში მას ჩინებული საგოლე პასი მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა კვარაცხელიამ ჩააწოდა.

ვინაიდან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხვიჩას თამაშია, აქვე ვთქვათ, რომ მან კიდევ ერთ ეპიზოდში გაიბრწყინა, როდესაც თავისი ფრთიდან მეტოქე მცველების ლაბირინთში გაინავარდა და დაარტყა, მაგრამ მეკარე ერტაჩ ოზბირმა აუღო.

ნეაპოლელთაგან პირველ ტაიმში 28 წლის კოსოვოელ ამირ რაჰმანის შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ არ გაუმართლა, ბურთი ძელს მოხვდა. მიზანთან ახლოს იყო მატეო პოლიტანოც, მაგრამ ვერც მან გამოიყენა შესაძლებლობა, შემდეგ კი კვარაცხელიას პასით ლოსანომ ანგარიში გახსნა.

იტალიური გუნდის მეკარემ ალექს მერეტმა თურქული გუნდის ვარსკვლავ მარიო ბალოტელის საჯარიმო დარტყმა აუღო, მაგრამ ერთი ხნის შემდეგ კარგად ვერ ითამაშა 22 წლის ნორვეგიელმა მცველმა ლეო ოსტიგარდმა, რომლის შეცდომის გამო მერეტს ბალოტელის წაქცევა მოუხდა. იტალიელმა „ნაპოლის” პენალტი გაუტანა. შემდეგ კი „ადანამ” კიდევ ერთი პენალტი დაარტყა. ამჯერად ნეაპოლელთა 24 წლის ურუგვაელი მცველი მატიას ოლივერა შეცდა და სალიჰ ქავრაზლიმ შეაგდო, მაგრამ 90+4 წუთზე თურქული გუნდის კართან არეულობა შეიქმნა და ლოსანომ ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა: „კმაყოფილი ვარ, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, კარგი იყო, რომ მებრძოლ გუნდს ვეთამაშეთ. ჩვენთვის ამ შეხვედრაში ფიზიკურ გაძლიერებას მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე შედეგს. ამის მიუხედავად საგოლე მომენტები შევქმენით, თუმცა ძალიან მარტივადაც გავუშვით. ვფიქრობ, ბურთის ფლობისას უკეთ შეგვეძლო თამაში”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.