თბილისი, ვარნა, სკოპიე

Home დავთარი თბილისი, ვარნა, სკოპიე
თბილისი, ვარნა, სკოპიე

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული მემორანდუმით, ხუთმა ჟურნალისტმა ნაკრებთან ერთად ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიფრინეთ. მეც და ჩემი ქართველი კოლეგები სანაკრებო სხვადასხვა მატჩებზეც ვყოფილვართ – ხან გახარებულნი დავბრუნებულვართ, უფრო ხშირად კი… ახლა კი გუნდმა ისეთი შედეგი დადო…

Varna | musementთუმცა, ამჯერად შედეგებზე საუბარი არ გვინდა. ერთკვირიანი ვოიაჟი გამოგვივიდა – ოთხი დღე ბულგარეთში დავყავით, ხოლო სამი დღე უკვე მაკედონიაში. აქამდე ასე ითვლებოდა, რომ ორივე ნაკრები ჩვენზე უკეთესია, მაგრამ ასე ხელაღებით ამის თქმა უკვე გაუჭირდებათ. თუმც, ორივე ქვეყანას აშკარად ვჯობნით ფეხბურთის სიყვარულში…

ბულგარეთში მატჩი რაზგრადში ჩაატარეს. ქალაქში, სადაც მათი ჩემპიონატის ლიდერი „ლუდოგორეცი“ თამაშობს, მაგრამ საფეხბურთო გარემოსი იქ ბევრი ვერაფერი დავინახეთ. მომცრო, 9 000-იანი სტადიონი, რომლის მესამედიც არ შეივსო და 100-მდე ქართველმა ქომაგმა იქაურებს გულშემატკივრობის მასტერკლასი ჩაუტარა. არც მატჩის წინ იგრძნობოდა, რომ დაახლოებით 50 000 -იან რაზგრადს ფეხბურთისთვის უნდა ემასპინძლა, თანაც – სანაკრებოს. ჯერ კიდევ წასვლამდე გავარკვიეთ, რომ დიდი ვერაფერი ქალაქია. სასტუმროს ძებნასაც აზრი არ ჰქონდა…

ქალაქში სულ ორი სასტუმრო იყო და ორივე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა დაკავებული. ვერც თავისუფალი აპარტამენტები მოვძებნეთ და საქმე ასარჩევად გაგვიხდა – 40 კილომეტრით დაშორებული შუმენი, თუ 110 კილომეტრით დაშორებული ვარნა. ჩვენ ზღვისპირა კურორტი, ოქროს ქვიშებით ცნობილი ვარნა ვარჩიეთ. რაზგრადიდან უკან დაბრუნება ყოველთვის პრობლემა იყო, რადგან ტაქსის გარდა არანაირი ტრანსპორტი არ მოძრაობს. თუ მატარებელს არ ჩავთლით და ისიც ისეთ დროს მოძრაობდა, რომ ჯობდა ისევ ტაქსით გვემგზავრა…

ბულგარელებთან მოგების შემდეგ ჩვენთან რამდენიმე ადგილობრივი მოვიდა – ოთხი ხომ ხართ (მეხუთე გოგონა გვახლდა), ჩვენც ოთხინი გამოვალთ და „დავცხოთ“ ერთმანეთსო. რომ ვუთხარით ჟურნალისტები ვართ თქო, მაშინ შეგვეშვნენ… რაზგრადზე კიდევ რა უნდა გავიხსენოთ და… აი, ქართული კლუბების მესვეურები რომ იძახიან, საქართველოში კარგი დონის ფეხბურთელებს ჩამოსვლა არ უნდათო, რაზგრადში რატომ ჩადიან, ნამდვილად კი გაგვიკვირდა – ქალაქი სადღაც ჩვენს ხაშურსა და კასპს შორის არის გაჩხერილი… საცხოვრებლად შუმენი რომ არ ავირჩიეთ, ესეც სწორი გაგვიკეთებია. ამ ქალაქში ჩვენი რამდენიმე კოლეგა იყო და მატჩის დღეს დაგვირეკეს, ფულს ვერსად ვახურდავებთ, იქნებ ვარნადან წამოგვიღოთო…

ვარნა ბათუმობისკენ იწევს, ქობულეთზე უკეთესი, მაგრამ აჭარის მთავარ ქალაქამდე ჯერ ახლოსაც ვერ მივა. ფასები ნორმალური, ჩვენზე დაბალი, პენსიები და ხელფასები ჩვენსაზე მაღალი. ირგვლივ რამდენიმე საინტერესო ადგილია. მაგალითად, ალაჯას მონასტერი, რომელიც XII-XIV საუკუნეშია აგებული და ვარძიას წააგავს. კლდეშია ნაკვეთი, მაგრამ სულ ერთი სართულია, დაახლოებით 30 მეტრი სიგრძის. ვარნასთან ახლოს არის ქვის ტყე. ამბობენ, 50 მილიონ წელს ითვლისო. ადრე იქ ზღვა ყოფილა და ამის დასტურად ზუსტად ის ქვიშა მოჰყავთ, რომელიც ვარნაშია და ამ ადგილს საკმაოდ მოშორებული.

იქაური ქვიშა ცალკე თემაა. „ოქროს ქვიშები“ ვარნას ცენტრიდან 12 კილომეტრით არის მოშორებული. რა განსხვავებაა? არაფერი. როგორც გვითხრეს, იგივე ქვიშაა, ოღონდ ოდნავ უფრო მეტად გეფლობა ფეხიო. სამაგიეროდ, ქალაქი სავსეა გადამგდებებით. მასპინძელმა ისიც გვითხრა, ფული ქუჩაში არ გადაახურდავოთო, კურსში აუცილებლად მოგატყუებენო. ვნახე კიდეც ასეთი ტიპი – იმაზე მეტს მაძლევდა, რასაც ნებისმიერი პუნქტი მომცემდა. ცხადია, ამან უფრო დამაეჭვა და მასთან ურთიერთობა იქვე გავწყვიტე. მერე გვითხრეს, ან ძველი ლევები ექნებოდა (ბულგარული ფულის ერთეული, რომელიც ხმარებიდან ამოღებულია), ან სულაც ყალბიო.

თუმც, თუ ვარნაში მოხვდებით, არ ინანებთ… ფეხბურთზე სულ ერთხელ დაგველაპარაკნენ, ისიც უკვე წაგებული მატჩის შემდეგ და გუნდი გვიქეს…

სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი, რესტავრირებულია. უფრო სწორად, ძველი მაკედონია გაცოცხლებულია ახლით, მაგრამ არქიტექტურა შენარჩუნებულია. თუმც, ხალხი ამით უკმაყოფილოა – 400 მილიონამდე ევრო დაიხარჯა ამ ძეგლების გაკეთებაშიო. მარტო ალექსანდრე მაკედონელის ძეგლი 7 მილიონი ევრო დაჯდა, სჯობდა ეს ფული ხალხს მოხმარებოდაო.

მშვენიერი, პატარა, კოხტა ქალაქია. მოსახლეობა ნახევარი მილიონი. გემოვნებით გაკეთებული. სანახავი ბევრია, მაგრამ ყველაფრი ვერ მოვასწარით. ამაში თავსხმა წვიმამაც შეგვიშალა ხელი… ევროკავშირი სკოპიეში უფრო იგრძნობა, ვიდრე ბულგარეთში. ფასები იქაც ჩვენზე დაბალია. ლუდის ბარში ოთხი ადამიანი ჩვენს ფულზე 120 ლარში „ჩავეტიეთ“. საქართველოში ამგვარი 250-300 ლარი დაგვიჯდებოდა.

მაკედონიური დინარის კურსი ძალიან დაბალია – 1 ლარი 20 დინარია. სამაგიეროდ, პენსიები და ხელფასებია ბევრად ჩვენზე მაღალი…

ქალაქი ორად არის გაყოფილი – ქრისტიანული და მუსულმანური. არის ეკლესიებიც და მეჩეთებიც. ალბანელებს ცალკე უბანი აქვთ. იქ ქართველ ქომაგებს მოუხდათ ცხოვრება და ცალ-ცალკე ქუჩაში გამოსვლას ერიდებოდნენ, მაგრამ კონფლიქტამდე არ მისულა საქმე. ვარნის მსგავსად არც სკოპიეში მოხვედრას ინანებთ. მეტიც, სკოპიეში უკეთესია.

საფეხბურთო კუთხით, მაკედონიელები ბულგარელებზე უფრო დიდ გულზე იყვნენ. მატჩამდე იმუქრებოდნენ, მოგიგებთო. თუმც, როგორც ერთი ჩვენი იმერელი კოლეგა იტყოდა, რაც მეიგეს, ბოლოს გეიგეს…

მიხეილ ჟორჟოლიანი 

თბილისი-ვარნა-სკოპიე-თბილისი

ავტორის პროფილი

სარბიელი