ინგლისში თავისებური ურთიერთობები აქვთ. ყოველ შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” გულშემატკივრების ურთიერთდამოკიდებულება ნამდვილად გამორჩეული და სახალისოა. წუხელ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის პირველ ტაიმში ესპანურმა „ვილიარეალმა” „ლივერპულს” ორი გოლი გაუტანა. ამით ორი შეხვედრის ჯამური ანგარიში გათანაბრდა და ლეგენდარული „მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა, სატელევიზიო ექსპერტმა გარი ნევილმა სოციალურ მედიაში თავისი ორი ფოტო დადო. პირველი პირველ გოლს მიუძღვნა, მეორე — მეორეს. ნევილი ორივე ფოტოზე გახარებულია და ღვინოს წრუპავს.
თურმე, ნევილი და მისი კოლეგა, „სქაი სპორტის” ექსპერტი ჯეიმი კარაგერი, რომელიც „ლივერპულის” ლეგენდად ითვლება, ასე ყოფილან შეხუმრებულები. „იუნაიტედის” წაფორხილებაზე არც კარაგერი იშურებს საქილიკო ფოტოებს.
მაგრამ, ნევილის მხიარულება ნაადრევი გამოდგა. მერსისაიდელებმა მეორე ტაიმში ძალა მოკრიბეს და მასპინძლებს სამი გოლით უპასუხეს. ორი შეხვედრის ჯამში „ლივერპულმა” გაიმარჯვა 5:2 და ფინალში გავიდა, სადაც „რეალსა” და „მანჩესტერ სიტის” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
„ვილიარეალისა” და „ლივერპულის” შეხვედრაში გოლები ასეთი თანმიმდევრობით გავიდა: ანგარიში ბულაიე დიამ მე-3 წუთზე გახსნა. 41-ე წუთზე ფრანსის კოკლენმა მეორე შეაგდო, შესვენების შემდეგ კი „წითლებმა” 12 წუთიან ინტერვალში სამჯერ გამოიჩინეს თავი. 62-ზე ფაბინიომ შეამცირა სხვაობა, 67-ზე ლუის დიასმა გაქვითა, ხოლო 74-ზე სადიო მანემ თამაშს წერტილი დაუსვა.
ამრიგად, ლივერპული განაგრძობს მიმდინარე სეზონში ერთბაშად ოთხი ტიტულისთვის ბრძოლას. „კარაბაოს თასი” მერსისაიდელებს უკვე მოგებული აქვთ. ახლა ისინი იბრძვიან პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგის და ასოციაციის თასის მოსაგებად.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს პარიზში გაიმართება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
მთავარი ამბავი17/08/2026 | 08:20პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
