ვიღაცამ ჰარი მაგუაირს შეუთვალა, თუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” არ წახვალ, სახლში სამ ბომბს აგიფეთქებთო. ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ასეთი მუქარა სერიოზული არ არის, მაგრამ ვინ იცის… გადახედეთ შეშლილ მსოფლიოს. თავის დაზღვევის მიზნით, „იუნაიტედის” კაპიტანი თანაგუნდელთან ცხოვრობს, მისი ოჯახი კი კონსპირაციულ ბინაშია.
თან, მანიაკმა ფეხბურთელს ვადაც დაუთქვა, 72 საათი. საინტერესოა ისიც, რომ მეილი თავად მაგუაირს კი არა, მის აგენტს მიუვიდა. ამ დროს, 29 წლის მოთამაშე გუნდთან ერთად ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა. ეს ამბავი მოხდა ოთხშაბათს, „ლივერპულთან” 0:4 წაგების მეორე დღეს.
როგორც კი მეილის შესახებ შეიტყო, მაგუაირმა ვარჯიში დატოვა და შინისაკენ გაეშურა. იქ მას 27 წლის საცოლე ფერნ ჰოუკინსი და მათი ორი გოგონა ელოდნენ. ოჯახი ჩეშირში ცხოვრობს. მათი კარ-მიდამო 4 მილიონი გირვანქა ღირს. შეიარაღებულმა პოლიციელებმა და მაძებარმა ძაღლებმა სახლის ყველა კუთხე და კუნჭული დაათვალიერეს. ფერნი, ორი წლის ლილი სენტი და 11 თვის პაიპერ რიუზი დაუყოვნებლივ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
პოლიციამ ძებნა ხუთშაბათსაც განაგრძო. ვერაფერი იპოვეს.
საქმეში ჩახედულმა ადამიანმა ინგლისურ პრესას ასე უამბო: „მაგუაირის შემთხვევა ძალიან სერიოზულად მიიღეს. ჰარისა და მის თანაგუნდელებს სიკვდილით ხშირად ემუქრებიან და ამ მუქარებს ყურადღებას როგორც წესი არ აქცევენ, მაგრამ ეს შემთხვევა დანარჩენებისგან განსხვავდებოდა. მეილში ეწერა, რომ სახლში სამი ბომბი უკვე იდო და თუ მაგუაირი 72 საათში „მანჩესტერ იუნაიტედიდან” არ წავიდოდა, ისინი აფეთქდებოდა. ტექსტი ზიზღით და შეურაცხყოფით იყო სავსე. ფერნს ისტერიკა მოუვიდა. ის თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. მან თქვა, რომ ჰარის ლანძღვა-გინება ყელში ამოუვიდა. ეს არის დაუნდობლობა, პირად სივრცეში შეჭრა და ყველანაირი კანონის დარღვევა. ამის მოთმენა აღარ შეიძლება. მართალია, მათ მყარი ოჯახი აქვთ, ჰარი მას და გოგონებს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს, მაგრამ ზიზღით სავსე ბრბოში ცხოვრებას აღარ აპირებს”.
რას ნიშნავს ეს და კერძოდ როგორ ფიქრობს ფერნ ჰოუკინსი პრობლემისთვის თავის გართმევას, უცნობია.
მეილის ავტორმა მუქარას ხელიც ფრიად სულმდაბლურად მოაწერა: ლაჩარი ფანი.
„იუნაიტედმა” კი „ლივერპულთან” ძალიან ცუდად ითამაშა. მაგუაირს, რომელიც კვირაში 190 000 გირვანქას იღებს, გულშემატკივრებმა უსტვინეს და არც სოციალურ ქსელებში დააკლეს კრიტიკა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
