რას აღარ ითვლიან. აგერ, წუხელ „ჩელსიმ“ „ლილს“ 2:1 მოუგო და გაირკვა, რომ ლონდონელთა გერმანელ თავკაც თომას ტუხელს რეკორდი გაუმეორებია — ჩემპიონთა ლიგაში მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველ 50 შეხვედრაში მან თურმე ოცდამეთორმეტედ გაიმარჯვა, რითაც თანამემამულეს იუპ ჰაინკესს გაუტოლდა. და მაინც, უპირატესობა ჰაინკესს დარჩენია, რადგან მას თავისი 32 გამარჯვება 47 შეხვედრაში მოუპოვებია.
შეგახსენებთ, რომ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგა 1998 წელს „რეალს“, ხოლო 2013 წელს „ბაიერნს“ მოაგებინა.
„ჩელსის“ და „ლილის“ თამაშიც ჩემპიონთა ლიგისა გახლდათ — მერვედფინალი იყო. ორი მატჩის ჯამში ლონდონელებმა ფრანგებს 4:1 აჯობეს. პირველი მატჩი შინ 2:0 ჰქონდათ მოგებული.
ამრიგად, ტუხელი ჰაინკესს დაეწია, ზინედინ ზიდანს კი გადაასწრო. „რეალის“ ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მწვრთნელს პირველ 50 შეხვედრაში 31 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ზიდანი მადრიდელთა თავკაცად 2016 წლის იანვარში დანიშნეს და მან ხუთ თვეში აღმართა ჩემპიონთა ლიგის დიდყურა თასი. იმ წელიწადს „ლოს ბლანკოსმა“ ფინალში, „სან სიროზე“ „ატლეტიკოს“ მოუგო. ამ ამბიდან 24 თვეში კი ზიზუმ, როგორც მწვრთნელმა, უკვე ზედიზედ მესამედ იზეიმა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება.
ტუხელის შედეგები ასეთი გახლავთ: მან ჩემპიონთა ლიგის ფინალს პირველად 2020 წელს „პარი სენ ჟერმენის“ თავკაცის რანგში უწია, მაგრამ იქ „ბაიერნთან“ დამარცხდა. იმავე წლის მიწურულს ტუხელი პარიზელებმა თანამდებობიდან მოხსნეს. გერმანელი მწვრთნელი მყისვე დაიქირავა „ჩელსიმ“, რომელმაც იგი ფრენკ ლემპარდის მაგივრად დანიშნა და „ჩელსიმ“ მაისში ანუ ახალი მწვრთნელის მოსვლიდან ხუთ თვეში ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა — ფინალში კაი ჰავერცის გოლით „მანჩესტერ სიტის“ მოუგო.
„ლილთან“ შეხვედრის შემდეგ ტუხელმა თქვა: „ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სტუმრად თამაშობ და ხედავ, რომ უამრავი ფანი წამოგყოლია. ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. მეოთხედფინალში გასვლა კი უკვე დიდი მიღწევაა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სირთულეების დაძლევის უნარი შეგვწევს.
ბიჭებმა მოედანზე გააკეთეს ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის იყო საჭირო. დამსახურებულად მოვიგეთ, ეს კი ლილში იოლი საქმე არ არის. იმედი მაქვს, რომ ასეც გავაგრძელებთ. რვა გუნდში მოსახვედრად ბევრი ოფლი ვღვარეთ. ახლა მოუთმენლად ველოდებით კენჭისყრას“.
