რომან აბრამოვიჩს „ჩელსის” გასაყიდად 81 დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი შეიძლება დაიხუროს. მას მერე, რაც რუს ოლიგარქს ბრიტანეთში სანქციები დაადეს, „ჩელსის” კონტროლი ფაქტობრივად სახელმწიფოს ხელში გადავიდა.
სპონსორმა სახელწოდებით Three (ლაპარაკია კომპანიაზე, რომლის ლოგო „3“ ფეხბურთელებს მაისურაზე აწერიათ) კლუბთან 40 მილიონ გირვანქად ღირებული კონტრაქტი გაწყვიტა და ლონდონელები ფინანსურ შავი ხვრელში აღმოჩენის საშიშროების წინაშე დადგნენ. მათ შეიძლება პრემიერლიგისა და უეფასგანაც ვეღარ მიიღონ ფულადი ჯილდოები, რაც ჯამში 66 მილიონ გირვანქას გაუტოლდება.
ერთი სიტყვით, ყველაფერი შესაძლოა იქამდე მივიდეს, რომ თუ აბრამოვიჩი კლუბს დროულად და სარგებლის გარეშე არ დათმობს, „ჩელსის“ თამაშის უფლებასაც კი აღარ გაუხანგრძლივებენ.
დასავლეთ ლონდონელები გააფრთხილეს, რომ მყიდველთან გარიგება ლიცენზიის მოქმედების ბოლო დღემდე, 31 მაისამდე უნდა შედგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი ვეღარ იფუნქციონირებს.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალურმა პრეს-ატაშემ განმარტა: „იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის ვაჭრობა შედგეს, ჩვენ შეგვიძლია სპეციფიკური ლიცენზიაც კი გავცეთ, მაგრამ ამით რომან აბრამოვიჩმა სარფი ვერ უნდა ნახოს, ფული ვერ უნდა მიიღოს“.
ამრიგად, „ჩელსის“ შეუძლია განაგრძოს საქმიანობა და გადაიხადოს ხელფასები, მაგრამ ვეღარ გაყიდის ბილეთებს, რაც ყოველ შეხვედრაში დაახლოებით 600 000 გირვანქა დაუჯდება. კლუბს თავისი „მეგასთორის“ ანუ ონლაინ მაღაზიის დახურვაც მოუწევს.
გარდა ამისა, „ჩელსიმ“ უნდა ითხოვოს ლიცენზიის პირობების შეცვლა, თორემ ყოველ გასვლით შეხვედრაში მგზავრობის ფული ნებადართულ 20 000 გირვანქაზე მეტი ჯდება. ჩემპიონთა ლიგაში ეს თანხა 60 000 გირვანქამდე ადის.
ერთადერთი, რითაც „ლურჯებმა“ შეიძლება გული დაიმშვიდონ, ტელეტრანსლაციებით შემოსული თანხებია. რაც შეეხება საპრიზო ფულს, მას ისინი ვერ მიიღებენ. ასე მაგალითად, თუ „ჩელსი“ მეოთხე ადგილზე გავა, ის 65,85 მილიონ გირვანქას ვერ მიიღებს.
თუ მოვლენები ისე განვითარდება, რომ კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გადაეცემა ადმინისტრაციულ მართვაში, მას 9 ქულა დააკლდება.
ცხადია, ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვასა და ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე ლაპარაკიც არ იქნება. ვითარებას ისიც დაამძიმებს, რომ „სტემფორდ ბრიჯს“ თავისუფალი აგენტების სტატუსით დატოვებენ ანტონიო რუდიგერი, ანდრეას კრისტენსენი და სესარ ასპილიკუეტა. კრისტენსენი და ასპილიკუეტა ისედაც „ბარსელონაში“ გადასვლის პირას არიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
