ქულა ფინალამდე

Home კატეგორიის გარეშე ქულა ფინალამდე
ქულა ფინალამდე
ანასტასია გუბანოვა

მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრებს, რათა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში ფინალში გასულიყო. ბოლო, მეოთხე დისციპლინის წინ სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაცია იყო, რომ მეხუთე გამსვლელი ადგილისთვის იტალიას (18 ქულა), კანადასა (16) და საქართველოს (15) უნდა ებრძოლა. ეს ყველაფერი ქალთა მოკლე პროგრამას უნდა გადაეწყვიტა. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვას იტალიელისთვის ოთხი, ხოლო კანადელისთვის ერთი ადგილით უნდა ეჯობნა. თუმცა, ჩინელმა (21) იი ჟუმ იმდენად ცუდად ისრიალა, რომ ბოლო ადგილზე გავიდა და გუნდს მხოლოდ ქულა მოუტანა. ამ ფაქტმა მასპინძელი გუნდის ფინალში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გუბანოვამ 10 მონაწილეში მეოთხე შედეგი აჩვენა და შვიდი ქულა მიიღო, რითიც ჩვენი გუნდი ჩინეთს დაეწია და ორივე გუნდს 22 ქულა გაუხდა. გუბანოვამ იტალიელ ლარა ნაკი გუტმანსაც (მერვე ადგილი, 3 ქულა) ისეთი სხვაობით მოუგო, რომ უკან ჩამოიტოვა, მაგრამ კანადელ მადელინ შიზეს (მესამე ადგილი, 8 ქულა) ჩამორჩა. საბოლოოდ, ჯამური ადგილები ასე განაწილდა: 1.რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი (36), 2.ამერიკა (34), 3.იაპონია (29), 4.კანადა (24), 5-6.ჩინეთი, საქართველო (22-22), 7.იტალია (20), 8.ჩეხეთი (15), 9-10.უკრაინა, გერმანია (8-8). საქართველოსა და ჩინეთს შორის ყველაფერი დამატებითი მაჩვენებლმა გადაწყვიტა, რომელიც ოთხი დისციპლინიდან ორ საუკეთესო შედეგს ითვალისწინებდა. მასპინძლებმა 16 ქულა აიღეს (პირველი და მეხუთე ადგილები), ხოლო ჩვენებმა – 14 (ორი მეოთხე ადგილი) და ფინალშიც ისინი გავიდნენ.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.