თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი „უოტფორდის“ თავკაცობიდან გაუშვეს. ინგლისური კლუბის პატრონებმა თავიანთი გუნდის „ელანდ როუდზე“, „ლიდსთან“ 0:1 მარცხი ვეღარ აიტანეს. არადა, 41 წლის ესპანელი ის კაცია, ვინც „უოტფორდი“ გასულ სეზონში პრემიერლიგაში დააბრუნა.
ჩისკოს ბრალად პრემიერლიგის შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ორის მოგება წაუყენეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზოგადად „უოტფორდის“ შეფებს მწვრთნელების ხშირი ცვლა სჩვევია. ჩისკო მეცხრეა, ვინც ამ კლუბის ხელმძღვანელობამ ბოლო სამ წელიწადში მოხსნა.
„უოტფორდმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ დირექტორატი მიმდინარე სეზონის შედეგებს მკვეთრად უარყოფითად აფასებს, ვინაიდან გუნდში არნახული ერთსულოვნებაა და ასეთ დროს სულ სხვა შედეგები უნდა იყოს. ცხადია, ესპანელს პრემიერლიგის საგზურის მოპოვებისთვის სავალდებულო მადლობაც გადაუხადეს, მაგრამ იქვე დასძინეს, ჩვენგან მეტ კომენტარს არ ელოდოთო.
ბოლო მონაცემებით, „უოტფორდის“ ახალი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი იქნება. რანიერი 69 წლისაა. ის პრემიერლიგაში ცნობილი სპეციალისტია — „ჩელსიში, „ფულემსა“ და „ლესტერში“ უმუშავია. 2015-16 წლების სეზონში რანიერიმ „ლესტერი“ ინგლისის ჩემპიონი გახადა.
თუკი „უოტფორდის” ხელმძღვანელებს რანიერისთან ჩისკოს ზურგსუკან ჰქონდათ მოლაპარაკებები, მაშინ ესპანელის მოხსნის მიზეზი კიდევ უფრო გასაგებია.
„უოტფორდი” 7 ტურის შემდეგ, 7 ქულით მე-15 ადგილზეა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
