პეპ გვარდიოლამ რიად მაჰრეზს ისე უღრიალა, არასდროს რომ უღრიალია. ეს ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის შეხვედრის დროს მოხდა. „მანჩესტერ სიტი“ „ლაიფციგს“ ეთამაშებოდა.
ინგლისური პრესას უკვირს, მწვრთნელმა ამ ღრიალ-ღრიალში ალჟირელს ლამის ცხვირი ცხვირზე მიადო, არადა მისი გუნდი უკვე 4:2-ს იგებდა, მაჰრაზს კი პენალტი ჰქონდა გატანილიო.
გვარდიოლა სრულიად იყო მწყობრიდან გამოსული. დიახ, ზოგადად ის ემოციური კაცია და ჟესტიკულაციითაც გამოირჩევა, მაგრამ რაც მაჰრეზის მიმართ ჩაიდინა, მისთვისაც კი მეტისმეტი იყო.
საბრალო მაჰრეზმა ერთი-ორჯერ პასუხის გაცემა თუ თავის მართლება სცადა, მაგრამ კატალონიელმა საშუალება არ მისცა. მას თვალები ლამის ბუდიდან გადმოუცვივდა.
თავად მატჩი კი ნამდვილი ტრილერი გამოდგა.
თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ. ანგარიში ნათან აკემ გახსნა, მეორე გოლი კი ნორდი მიუკელემ თავის კარში შეაგდო.
შემდეგ, „ლაიფციგმა“ სხვაობა შეამცირა — თავი კრისტოფერ ნკუნკუმ გამოიჩინა, მაგრამ ამას მაჰრეზის პენალტი მოჰყვა, რომლის დანიშვნა-არ დანიშვნის საკითხი VAR-მა გადაწყვიტა. „სიტი“ 3:1 დაწინაურდა.
მეორე ტაიმი პირველივით ემოციური გამოდგა. 51-ე წუთზე ნკუნკუმ მეორე გოლი გაიტანა, ანგარიში 3:2 გახადა, თუმცა ხუთ წუთში ჯეკ გრილიშმა ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი გოლი შეაგდო და „ქალაქელთა“ ორგოლიანი უპირატესობა დააბრუნა.
73-ე წუთზე ნკუნკუმ ჰეთ-თრიქი შეასრულა — 4:3. „ლაიფციგს“ კვლავ გაუჩნდა მარცხისთვის თავის დაღწევის იმედი, მაგრამ ჟოაო კანსელომ ორ წუთში მეხუთე გაიტანა. ამის შემდეგ, შეხვედრის დასრულებამდე 11 წუთით ადრე გერმანულ გუნდს მეორე ყვითლის გამო ანჟელინო გაუგდეს.
მასპინძელთა ტორტზე მარწყვი 85-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა შემოდო — 6:3.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/08/2026 | 07:44დღეს ან ხვალ მამარდა ნოტინგემში გადავა?
მთავარი ამბავი31/08/2026 | 06:54პლატინიმ თქვა, კვარაო!
სიახლეები30/08/2026 | 09:35ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
სიახლეები30/08/2026 | 08:06კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
