ბევრ ცნობილ მოღვაწეს უთქვამს, ფეხბურთი მარტივი თამაშიაო. ახლა, როდესაც ევრო 2020-ის მერვედფინალში ინგლისმა გერმანიას 2:0 მოუგო, ბუნდესმანშაფტის წაგებას ზოგი იოაჰიმ ლიოვის, როგორც მწვრთნელის გამოფიტვას აბრალებს, ზოგი მის მცდარ ტაქტიკას, ზოგიც დაბალ ტემპს ანდა საფეხბურთო კავშირის კაბინეტებში არასწორად შედგენილ მრავალწლიან პროგრამას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შესაძლოა ასეცაა, მაგრამ როდესაც ინგლისი 1:0-ს იგებდა, ვეტერანი ფორვარდი თომას მიულერი უკიდურესად ხელსაყრელ პოზიციაზე შევიდა და… ააცილა. რომ გაეტანა, მცდარი ტაქტიკისა თუ სხვა სტრატეგიული შეცდომების მიუხედავად, ანგარიში 1:1 გახდებოდა და კაცმა არ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ასე რომ, არ არის გამორიცხული, გარკვეული გაგებით ფეხბურთი მართლაც მარტივი თამაში იყოს. ყოველ შემთხვევაში, ხელსაყრელი მომენტის გამოყენებას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, აქ სადავო არაფერია.
ამ ეპიზოდში, მიულერისგან განსხვავებით, ძალიან გაუმართლა ინგლისელ რაჰიმ სტერლინგს. ბურთი, რომელიც კაი ჰავერცმა მიულერს მიაწოდა, ინგლისელებმა სტერლინგის დაუდევრობით დაკარგეს, არადა იმ მომენტისთვის ის პირველი გოლის ავტორი და მატჩის გმირი გახლდათ.
ინგლისელთა მეორე გოლი ჰარი კეინმა გაიტანა.
ლიოვმა, რომლისთვისაც ეს ბოლო თამაში იყო გერმანიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე, პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ჩვენ ორი დიდებული მომენტი გავუშვით ხელიდან — ერთხელ ტიმო ვერნერმა ვერ გაიტანა, მეორედ კი თომას მიულერმა. თუ გამარჯვება გინდა, ასეთი შესაძლებლობები უნდა გამოიყენო. დღეს ჩვენ გოლები ვერ გავიტანეთ”.
ქვემოთ კი „სანის” მიერ გადაღებულ კადრებს გთავაზობთ: აი, როგორი რეაქცია ჰქონდათ გერმანელ გულშემატკივრებს მიულერის მიერ ბურთის აცილებაზე.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
