„ბაიერნმა” კლუბთა მსოფლიო თასის გარდა 22 წლის დაიო უპამეკანოსთვის ბრძოლაც მოიგო. ეს მიუნხენის კლუბის სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის მიერ „ბილდისთვის” მიცემული ინტერვიუდან გახდა ცნობილი.
— შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ უპამეკანოს ტრანსფერის საქმე მოგვარებულია? — ჰკითხა „ბილდის” ჟურნალისტმა სალიჰამიჯიჩს.
— დიახ, მე შემიძლია ეს დავადასტურო და დავძინო, რომ ამით „ბაიერნში” ყველა გახარებულია. აგერ უკვე რამდენი თვეა დაიოსთან და მის აგენტ ფოლკერ შტრუთთან საქმიანი და ნაყოფიერი დიალოგი გვაქვს. რასაკვირველია, ვიცოდით, რომ უპამეკანოს შეძენის მსურველი მრავლად იყო და სერიოზული კონკურენცია გველოდა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ასაკის მიუხედავად ფრიად განვითარებული აქვს ოსტატობა.
ჩვენ მას ველაპარაკეთ და ავუხსენით, თუ როგორი მომავალი ელის „ბაიერნში”. გასული კვირის განმავლობაში, დოჰადან, ყველა დაინტერესებულ მხარეს ერთხელაც გავესაუბრე და საბოლოოდ, როგორც კლუბი, ასევე ოჯახი და ყველა პარტნიორი შევთანხმდით, რომ დაიოსთვის „ალიანც არენაზე” გადმოსვლა საუკეთესო ვარიანტია. ის ჩვენთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
„ბილდმა” სალიჰამიჯიჩის ნათქვამი უპამეკანოს ახლანდელ კლუბ „ლაიპციგთანაც” გადაამოწმა.
„ამ მანქანას ჩვენ აღარ ვმართავთ. უპამეკანოს გამოსასყიდი თანხა 42,5 მილიონი ევროა” — თქვა ლაიპციგელთა სპორტულმა დირექტორმა მარკუს კრიოშემ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 07:35ჰოლანდი მანჰატენზე თავისუფლად დადიოდა
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
