ფრენკ ლემპარდმა 2020 წელი მინი-კრიზისით დაამთავრა. „ჩელსიმ” „სტემფორდ ბრიჯზე” მორიგი არაფრით გამორჩეული თამაში ჩაატარა და ბოლო ხუთ ტურში ერთი გამარჯვების ამარა დარჩა. მეორენაირად რომ ვთქვათ, დასავლეთლონდონელებმა ამ შეხვედრებში 15 შესაძლებლიდან მხოლოდ 4 ქულა აიღეს…
ინგლისელ მიმომხილველებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ „ლურჯებს” მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის შანსი აღარ აქვთ. მეტიც, ისინი წერენ, რომ თუ ლემპარდის ბიჭებმა ასე განაგრძეს, არ არის გამორიცხული, ოთხეულში მოხვედრაც სანატრელად გაუხდეთ.
„ასტონ ვილა” კი კარგ ფორმაშია და ლონდონიდან ბირმინგემში ქულის წაღებას ნამდვილად იმსახურებდა. ანგარიში მასპინძელთა ფრანგმა ვეტერანმა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ 34-ე წუთზე გახსნა, ანვარ ელ ღაზიმ კი 50-ე წუთზე გაქვითა — ეს გახლდათ 25 წლის ჰოლანდიელის მეხუთე გოლი მეხუთე თამაშში.
რაც შეეხება ჟირუს… ის, რომ ფრანგმა „ვილას” გაუტანა, არავის გაკვირვებია, რადგან ეს გახლდათ მისი მეათე გოლი ბირმინგემელთა გუნდის კარში. მან ბოლო 8 მატჩში „ასტონ ვილას” ათჯერ დააწყებინა თამაში ცენტრიდან.
ლემპარდი „არსენალთან” დამარცხების შემდეგ გულშემატკივარს ცვლილებებს ჰპირდებოდა და სიტყვა შეასრულა: „ემირეითზე” დამარცხებულთაგან „ვილას” წინააღმდეგ მოედანზე მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი გავიდა, თუმცა ამან „ლურჯების” თამაშს ხარისხი ვერ შემატა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 07:40იამალი პსჟ-ს და მბაპეს წინააღმდეგ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ