ისინი 30 წელიწადი ელოდნენ წამს, როდესაც ფეხბურთელები „ენფილდის” მოედანზე ფეხს შედგამდნენ, თავად კი ტრიბუნიდან დააგუგუნებდნენ სიმღერას, რომ „ლივერპული” ინგლისის ჩემპიონია! კვირას ეს დიდი ბედნიერება „ოქროს ბოლეთის” 2000 მფლობელს ხვდა წილად.
ალბათ ყველა, ვინც ამ სცენას შინიდან უყურებდა, დარწმუნდა, რომ ვირუსული, ეკონომიკური თუ საფეხბურთო წინააღმდეგობების მიუხედავად „წითლებს” არც ფანები დაუკარგავთ და არც ლაზათიანი ბურთაობა დავიწყებიათ. მერსისაიდელებმა „ვულვზს” 4:0 მოუგეს და თავიანთ ლეგენდარულ სტადიონზე, პრემიერლიგაში დაუმარცხებელ შეხვედრათა რაოდენობა 65-მდე გაზარდეს.
ახლა, „ლივერპულს” 24 ქულა აქვს, პრემიერლიგის ცხრილში ლიდერის, „ტოტენჰემის” ტოლადაა და ეს ორი გუნდი შემდეგი კვირის ოთხშაბათს, 16 დეკემბერს, სწორედ „ენფილდზე” შეხვდება ერთმანეთს.
„ლივერპულისა” და „ვულვერჰემპტონის” შეხვედრის ერთ-ერთი თავისებურება კი ის გახლდათ, რომ ზემოთ ნახსენები 2000 სკაუსერი ტრიბუნიდან ახლანდელ ფეხბურთელებზე უფრო ხშირად თავის ყოფილ მოთამაშეს, ახლა „ვულვზის” ცენტრალურ მცველს კონორ კოუდის ახსენებდა. კოუდიზე ამბობდნენ, იურგენ კლოპი მერსის ნაპირებთან დააბრუნებს და დაცვაში არსებულ პრობლემებს მისი დახმარებით გამოასწორებსო, მაგრამ ვაგლახ 2011-14 წლებში „ლივერპულის” წევრმა მაინცდამაინც „ენფილდზე” დაუშვა უხეში შეცდომა, რომელსაც ქვემოთ ვიდეოზე ნახავთ და რომელმაც კოვიდმოხდილ მო სალაჰს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მისცა.
არადა, კონორ კოუდი ნუნუ ესპოზიტო სანტოს გუნდში ბოლოხანს ჩინებულად თამაშობდა და გარეთ საუთგეიტმა ნაკრებშიც დიდი ნდობა გამოუცხადა.
ლივერპულელი ფანობის მღერამ და ღრიანცელმა კოუდი, როგორც ჩანს სერიოზულად დააბნია, რადგან მერე, მთელი მატჩის განმავლობაში, უხეშად ცდებოდა. დაცვა დაცვად და შეტევაშიც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ვერ მოახერხა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
აქეთურ-იქითური25/07/2026 | 06:46ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
აქეთურ-იქითური24/07/2026 | 10:03დემეტრიო ალბერტინი: იტალიური გენი ესპანურისგან განსხვავდება