არასწორი, მართალი ერიკი

Home კატეგორიის გარეშე არასწორი, მართალი ერიკი
არასწორი, მართალი ერიკი

„ტოტენჰემ ჰოთსფურისა” და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ერიკ დაიერი ტრიბუნაზე ავარდა და ფანებს დაუპირისპირდა. ეს ამბავი ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ნორვიჩთან” პენალტებით დამარცხების შემდეგ მოხდა. დაიერის ამბავს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გამოიკვლევს. ჟოზე მოურინიუმ კი პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ერიკი ასე მისი უმცროსი ძმის გამო მოიქცა, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ისტორიასთან რაღაც შუაშია.

სოციალურ მედიაში ტრიალებს რამდენიმე ვიდეო, რომელთაგან ერთს აქაც გთავაზობთ. ამ ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ ადის ფეხბურთელი „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუმის”  დასავლეთ ტრიბუნაზე.

ერთ-ერთ ვიდეოში ისმის, როგორ იძახის ინგლისელი ვარსკვლავი: „ეი, ის ჩემი ძმაა!”.

მოურინიუმ პრეს-კონფერენციაზე თქვა: „არა მგონია, ამას ფეხბურთთან რამე კავშირი ჰქონდეს. საკუთრივ თამაში ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის შესანიშნავი ნიმუში იყო, მაგრამ კითხვას ვერ გავექცევი.

ვფიქრობ, ერიკ დაიერმა გააკეთა ის, რასაც ჩვენ, როგორც პროფესიონალები არ უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ როდესაც ვინმე შეურაცხყოფას გაყენებს და ამაში შენს უმცროს ძმას ან ოჯახის რომელიმე წევრს ჩარევს…

ვიმეორებ, ის, რაც ერიმა გააკეთა სწორი არ არის, მაგრამ, თუ კლუბი მას დასჯის, მე არ დავეთანხმები”.

ინციდენტმა ინგლისში ხალხს 1995 წლის იანვრის ამბავი გაახსენა, როდესაც „სელჰარსტ პარკზე” „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ ერიკ კანტონამ „კრისტალ პალასის” გულშემატკივარს კუნგ ფუს ილეთი ჩაუტარა — ტრიბუნაზე ახტა და მკერდში წიხლი დაარტყა.

მაშინ გულშემატკივარმა კანტონას ასე დაუძახა: „გაა..ვი შენს საფრანგეთში, შე ნაბიჭვარო!”

კანტონას ტრიბუნაზე ავარდნისთვის 30 000 გირვანქა გადაახდევინეს და 8 თვე თამაში აუკრძალეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.