საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მეშვიდედ დახურავს. ეს 15 ნოემბერს, სენტ-გალენში, შვეიცარიასთან მოხდება და იმედია კარსაც გაიჯახუნებს. ამას რომ ვამბობთ, „ბურთი მრგვალიას“ პრინციპზე ვფიქრობთ, თორემ ვლადიმირ ვაისის გაწრთვნილი გუნდი რომ ძლიერ შვეიცარიასთან აშკარა აუტსაიდერია, მეორე ნომრად ითამაშებს, 90 წუთის მანძილზე უმთავრესად დაცვაში ყოფნა მოუწევს და აქა-იქ კონტრშეტევის იმედად იქნება, ამას წყალი არ გაუვა. მით უფრო, რომ შვეიცარიელებს ევროპის ჩემპიონატის საგზური ჯერ არ გაუნაღდებიათ და ჩვენებთან უეჭველი მოგება სჭირდებათ.
მოკლედ, თუ როგორი იქნება მოახლოებული მატჩის სცენარი წინდაწინვე შეგვიძლია ვივარაუდოთ და ქართველი ფეხბურთელები მაქსიმუმ ფრეს თუ გამორჩებიან, ალბათ, ამაზეც ყაბულს უნდა ვიყოთ, ხოლო მოტივირებულ შვეიცარიელთა მათსავე მოედანზე დამარცხება მართლაც რომ დიდი სენსაცია იქნება… საქართველოს მოგება 99.9 % შვეიცარიის ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავს.
ევრო 2020-ის უკვე ფინიშის სწორზე გასული შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე წლის მარტში სწორედ შვეიცარიის ნაკრებთან თბილისური დაპირისპირებით და 0:2 წაგებით დაიწყო, რასაც 3 დღეში დუბლინში ირლანდიასთან 0:1 მარცხი მოჰყვა. შვეიცარიასთან საქარტველო ჯგუფში ერთად ადრეც ყოფილა. ეს 2004 წლის ევროშესარჩევისას იყო და მაშინ ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა. სტუმრად 1:4 მარცხის შემდეგ, თბილისში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე, 7 მცდელობიდან საქართველოს ნაკრებს საუკეთესო შედეგი 1996 წელს ჰქონდა, როდესაც თავი 15 ქულას მოუყარა და რომ არა მოლდოვის ნაკრებთან დაკარგული 6 ქულა, ჩვენ გუნდს დიდ ტურნირზე ვინძლო პირველივე ცდიდან ეთამაშა.
ევრო 2020-ის D ჯგუფში, ირლანდიის, დანიის, შვეიცარიის და გიბრალტარის კომპანიაში საქართველოს ნაკრებმა ჯერჯერობით 8 ქულა დააგროვა, 5 გუნდიან ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე და ალბათ ასეც დარჩება.
ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ შვეიცარია-საქართველოს დაპირისპირება 15 ნოემბერს, 23.45 საათზე დაიწყება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
