რომელუ ლუკაკუმ „ინტერის” მაისურით თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა. მილანელებმა „ლეჩეს” 4:0 მოუგეს. ამრიგად, 26 წლის ბელგიელმა მისი კარიერის ბოლო ოთხ კლუბში ჩატარებულ პირველ შეხვედრებში გოლი შეაგდო.
თავდამსხმელი, რომელიც 2017-19 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედს” მაინცდამაინც ვერ მოერგო, ამ ზაფხულს 73 მილიონ გირვანქად მილანურ კლუბში გადავიდა და ახალ გუნდში კარგად წაუვიდა საქმე. პირველი თამაში, რომელიც მან „ინტერის” შემადგენლობაში ჩაატარა, გახლდათ ამხანაგური მატჩი სერია D-ს გუნდ „ვირტუსთან”, რომელიც „ნეროაძურიმ” რასაკვირველია იოლად მოიგო (8:0), მაგრამ 8 გოლიდან 4 ლუკაკუმ გაიტანა. და აი, პირველი ოფიციალური შეხვედრაც — „ლეჩესთან”, სადაც ბელგიელმა ფორვარდისთვის აუცილებელი სიფხიზლე გამოიჩინა. როდესაც სტუმართა მეკარე გაბრიელმა ლაუტარო მარტინესის დარტყმული მოიგერია, ბურთთან პირველი ის მიიჭრა და ოსტატურად შეაგდო. ეს იყო შეხვედრის მესამე გოლი.
თუმცა, ინგლისში, მისი ძველი გუნდის, „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა მაინც მონახეს საქილიკო. მოგეხსენებათ, ბურთის მიღების დროს, ეგრეთწოდებული პირველი შეხებისას, ლუკაკუ ხშირად ცდება, ხანდახან სასაცილოდაც კი. ასეთი რამ თავდამსხმელს ერთი-ორჯერ ამ შეხვედრაშიც მოუვიდა, რითაც ენამწარე ინგლისელებმა ისარგებლეს და სოციალურ ქსელებში პოსტები დადეს.
„ლუკაკუმ „ინტერის” ფანებს თავისი საფირმო ბურთის მიღება პირველივე შეხვედრაში აჩვენა” — დაწერა ერთმა.
„ლუკაკუს „ინტერში” ბურთის მიღება გამოუსწორებია”, — ცინიკურად აღნიშნა მეორემ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
