ამ ამბავს დიდი შესავალი არ სჭირდება, პირდაპირ შეხვედრების გახსენებით დავიწყებ და ისედაც ცხადი გახდება, რისი თქმა მსურს.
პირველი შეხვედრა – ტელევიზორიდან
2000 წელი იყო. თბილისში შემოდგომა იდგა, თუმცა ამინდი ჯერაც ზაფხულისა იყო. სახლში, აივნის გამოღებულ კართან ვიჯექი და აღელვებული სიგარეტს ღერი ღერზე ვეწეოდი. ტელევიზორში კი ამ დროს ძალოსანთა ოლიმპიურ შეჯიბრს უჩვენებდნენ. 25 წლის გიორგი ასანიძე ჩემპიონობისთვის იბრძოდა. მერე რაც მოხდა, ცნობილი ამბავია. სამმა ძალოსანმა – მათ შორის დიადმა პიროს დიმასმა – ერთნაირი შედეგი აჩვენა, საქმე პირად წონაზე მიდგა და… გიორგი ასანიძე იმ ორზე სულ ოდნავ მძიმე აღმოჩნდა. იმ ოლიმპიადაზე არაფერზე და არავისზე არ დამწყვეტია გული ისე, როგორც გიორგი ასანიძეზე დამწყდა. სრულიად დილეტანტურმა აზრმაც გამკრა, საუზმეზე ოდნავ ნაკლები რომ ეჭამა მეთქი…
მეორე შეხვედრა – ისევ ტელევიზორიდან
აი, სიხარული ეგ იყო თუ იყო.
მივიდა გიორგი შტანგასთან – აწია.
მივიდა პიროს დიმასი – აწია.
მივიდა გიორგი – აწია.
მივიდა პიროს დიმასი – აწია.
მივიდა გიორგი – აწია.
მივიდა პიროს დიმასი – გაუვარდა და თვითონაც ფიცარნაგზე გაიშხლართა.
მესამე შეხვედრა – სტადიონზე
გიორგი ასანიძე პარლამენტარობისთვის ემზადება. გლდანშია წარდგენილი მაჟორიტარად. პიარტექნოლოგები კამპანიას უგეგმავენ. კამპანიის ნაწილია „ამერის“ სტადიონზე სტუმრობაც, სადაც ამ გუნდის თამაშებზე ნახევარი გლდანი თუ არ დადის, ბევრიც არ უკლია.
გიორგის შორიახლოს ვზივარ. ვიცი, რომ ასანიძე ფეხბურთისთვის არ მოსულა, მაგრამ ვატყობ, რომ თამაშის ყურებით გულწრფელად გაერთო, ემოციებიც გულწრფელი აქვს, თან მზესუმზირას აკნატუნებს. რაღაც მომენტში საგანგებოდ მოყვანილმა ოპერატორმა კამერა მისკენ მიაბრუნა. ასანიძემ მზესუმზირა გადამალა და შევატყე, დაიძაბა. ამგვარ რამეებს მიჩვეული არ იყო.
მეოთხე შეხვედრა – კახიშვილთან
პოლიტიკური 2012 წელი უკვე გადაგორებულია. რეჟისორ მიშა ჭიაურელთან ერთად კახი კახიშვილთან ვარ რაღაც საქმეზე სტუმრად. ოფისში ორნი დაგვხვდნენ, კახი და გიორგი ასანიძე. საუბრობდნენ. მაშინ პირველად ჩამოვართვი ხელი გიორგის. უხასიათოდ იყო. წუხდა, რომ პარლამენტში მუშაობისას ყველაფერი ისე ვერ გამოუვიდა, როგორც სურდა.
მეხუთე შეხვედრა – ჩემთან სამსახურში
როდესაც ამ ფოტოს გადაღება ვთხოვე, გიორგი ასანიძე უკვე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ადამიანის მწვრთნელი იყო. ადამიანს აქ წესით სუნთქვა უნდა შეგეკრას – კაცობრიობის ისტორიაში…
ეს უკვე სხვა გიორგი ასანიძე იყო, ბედნიერი, წელგამართული, ამაყი. ჩემპიონი გიორგი ასანიძე! აბა, სხვანაირად, როგორ?!
აი, ასეთი იყო ჩემი 5 შეხვედრა გიორგი ასანიძესთან. ვითომ საჭიროა, ვრცელი ეპილოგის დაწერა? მგონი, არა. მხოლოდ ამას ვიტყვი: რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ადამიანი თავის ადგილასაა, აკეთებს იმას, რაც ყველაზე უკეთ იცის, კარგად გამოსდის და ყველაზე მეტად უყვარს.
ამ საახალწლოდ, ყველას გისურვებთ, თქვენი საქმე გეკეთებინოთ, ხალისით და გულიანად.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს