საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • აი, ფინალიც მოვიდა. კიდევ არ უყურებ მსოფლიოს ჩემპიონატს?
  • ეჰ, ახლა კი მომინდა ყურება, მაგრამ პარიზში მე ვერ წავალ და…
  • პარიზში რა გინდა? ტელევიზორშიც აჩვენებენ.
  • ეჰ…
  • რა ეჰ…
  • ეჰ, ტელევიზორში ვინ გაჩვენებს ფეხბურთს?
  • რატომ?
  • ბრაზილია ხომ თამაშობს დღეს?
  • აბა როგორ.
  • ჰოდა ტელევიზორში სულ ტრიბუნაზე დასკუპებული სუზანა ვერნერს გვაჩვენებენ.
  • ეგ ვინ არის?
  • აბა შენა ხარ. ეგ არის მთავარი, რონალდოს გოგოა.
  • მე მეგონა ვინმე პლატინის მდივანი იყო.
  • მდივანს ლოჟაში რა უნდა? საბჭოთა საქართველო კი არ არის?
  • ისე, გივარშის ყურებას კი ჯობია იმ სუზანას ყურება.
  • მაშინ ფეხბურთი რაღა შუაშია?
  • ეჰ, ძველებურად პროვოკაციის გზას ადგახარ.
  • მე? მე დღეს ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი.
  • რატომ?
  • იმ ჯიგრის კაცი არა ვარ, რომ წკიპურტი დამკრან და ტირილით წავიქცე.
  • ეგ რა შუაშია? ვინც ეგრე იქცეოდა, ყველა გავარდა.
  • ჯერ ყველა არ გავარდნილა.
  • შენ რა, ტურამი სიმულიანტი გგონია?
  • შენ რა ჟუნიორ ბაიანო ფეხბურთელი გგონია?
  • აა, გამოტყდი? ფრანგების მხარეს ხარ.
  • არავითარ შემხთვევაში. ფრანგები საერთოდ არ უნდა იყვნენ ფინალში.
  • რატომ?
  • ჩილავერტის შემლოცავის ჯიგარი რომ დავხიე, იმიტომ. იმას რომ კარგად შეელოცა მედალიონზე, ფრანგები ვერ მოუგებდნენ.
  • სერიოზული კაცი მგონიხარ…
  • მე ნუ გგონივარ სერიოზული კაცი. სერიოზული კაცი ბლატერია.
  • მიხარია, რომ შენგან მესმის ეს სიტყვები ამ სასიქადულო მოღვაწის შესახებ.
  • ეჰ, იცი სად არის მაგის ადგილი?
  • საპატიო ლოჟაში.
  • აბა შენა ხარ. მე სხვა საპატიო ლოჟას მოვუძებნიდი.
  • სად?
  • მოედანზე. ბოლო პენალტი უნდა დავარტყმევინო მაგას ფინალში, მერე ვნახოთ.
  • როგორ?
  • როგორ და გოლი ხომ მაინც არ გავა და პენალტების სერიაში მაგას ჩავსვამდი დუნგას მაგივრად.
  • ეგრე კაცის გაწირვა როგორ შეიძლება?
  • ფეხბურთის მაყურებელ კაცს გაწირვა და ღალატი გაგიკვირდა?
  • ვინ გაწირეს?
  • გაჩუმდი.
  • ვიცი, ვიცი, ჩამოთვლი ჭაღაროსან ხალხს.
  • გაჩუმდი.
  • მარადონა, ხომ?
  • ბლატერზე უარესი ხარ.
  • და გაზა?
  • გაზასგან რა გინდა?
  • გაზაც ხომ გაწირეს.
  • იმიტომ არიან სახლში.
  • გაზა უშველიდა?
  • ბეტიმ ხომ უშველა.
  • შენთან ლაპარაკი არ შეიძლება.
  • წადი და ემე ჟაკეს ელაპარაკე.
  • მე ველაპარაკო ემე ჟაკეს?
  • დღეის შემდეგ შენს მეტი მაინც არავინ დაელაპარაკება.
  • ესე იგი ბრაზილია მოიგებს?
  • ბრაზილია მოიგებდა, მაგრამ კაცი აკლია.
  • ვინ, რომარიო?
  • არა, პელე.

12.07.1998