ჭამა ფრუმმა პეტერამი?

Home დავთარი ჭამა ფრუმმა პეტერამი?
ჭამა ფრუმმა პეტერამი?

ბანიერ-დე-ლუშონში ტურ დე ფრანსის პირველი სტუმრობა 1910 წლით თარიღდება. „პირინეის დედოფალი“ გასული საუკუნის დასაწყისში ოქტავ ლაპიზმა დაისაკუთრა. ფრანგი იმ წელს ტურ დე ფრანსის ჩემპიონიც გახდა, ორი წლით ადრე ოლიმპიადაც მოიგო, მერეც ბევრგან ივარგა და პირველი მსოფლიო ომის გმირიც გახდა. ველოსიპედი თვითმფრინავზე გაცვალა, ბევრი ბრძოლა მოიგო, მაგრამ 1917 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დაცემის დღეს, თავადაც გმირულად დაეცა გერმანელებთან საჰაერო შეტაკებისას ქალაქ ტულის სიახლოვეს.

ტურ დე ფრანსის გმირი წარსულიდან – ოქტავ ლაპიზი

მას მერე ტურის ორგანიზატორებს ძალიან შეუყვარდათ „დედოფალთან“ სიარული და სავარაუდოდ არამარტო სიმაღლის გამო. ლუშონი, რომელიც გასკონიის შუაგულშია, თავისი სამზარეულოთიც განთქმულია. საფირმო კერძი პეტერამია, რომლის რეცეპტიც ქართველებისთვის წესით საინტერესო უნდა იყოს – ცხვრის ფეხები და შიგნეული, კარგად გამოყვანილი ლორი, ხბოს ფაშვი ცოტაოდენ არმანიაკჩამატებულ თეთრ ღვინოში იხარშება დაბალ ცეცხლზე 8-10 საათი. ხარშვის ბოლოს თანდათანობით ემატება სტაფილო, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, მარილი, პილპილი და ცოტაოდენი პომიდვრის წვენი. დ’არტანიანის სამშობლოში ამ კერძს მოხარშულ კარტოფილთან და ადგილობრივ თეთრ ღვინოსთან ერთად მიირთმევენ. მგონი პეტერამის ხათრით დარჩა ტური გუშინ ლუშონში და ყველა ისიამოვნებდა ადგილობრივ ფუნდუკებში, გარდა მრბოლებისა, რომლებსაც დღეს იმდენი უნდა ევლოთ აღმა-დაღმა, კარგი ნავახშმევები, ეგრევე გამოეთიშებოდნენ რბოლას.

რბოლა კი მშვენიერი გამოდგა და საერთო ჩათვლაშიც შეიტანა მნიშვნელოვანი კორექტივები. მიმომხილველების უმეტესობა მე-17 ეტაპს თვიდანვე ულტრადინამიურად ნათლავდა. მართლაც ბევრი შეტევა, ბევრი მცდელობა, ბევრი ძალისხმევა, ბევრი იმედგაცრუება ვნახეთ სულ რაღაც 65 კილომეტრის მანძილზე სენ-ლარი-სულენამდე. პეირაგუდის პირველი კატეგორიის სირთულის მთის გადავლის მერე ლიდერების უმრავლესობა კი ჩამორჩებოდა ლტოლვილებს, მაგრამ ერთმანეთს კარგად აკონტროლებდნენ და ვალ ლურონ-აზეს ასევე პირველი კატეგორიის სირთულის მთასთანაც ერთად მივიდნენ. აქ წინ გაჭრა ასტანას ტანელ კანგერტმა შეძლო, რომელსაც ოციოდე მრბოლი გამოენთო, მაგრამ დაწევა მხოლოდ ჯულიენ ალაფილიპმა და ემირატების კრისტიან დურასეკმა მოახერხეს. მათი უპირატესობა უახლოეს მდევრებთან წუთამდე იყო. ეს დრო კარგა ხნით შენარჩუნდა, მხოლოდ სამეულს კვალში ოდენ ოთხეულიღა ედგა მარტინესის, ვალვერდეს, მაიკას და ფრაილის შემადგენლობით. მწვერვალზე სხვაობა 35 წამამდე ჩამოვიდა. პელოტონმაც ცოტა აუჩქარა და 2 წუთიან ჩამორჩენას მიუახლოვდა. პორტეს უმაღლესი კატეგორიის სირთულის მთის დალაშქვრა კანგერტმა მაინც ეულად დაიწყო, მაგრამ მის უკანაც მნიშვნელოვანი გადაჯგუფებები ხდებოდა. კოლუმბიელი კენტანას კონტრშეტევა, როცა ის პელოტონს დაშორდა, თავიდან სერიოზულად არ აღიქვეს, მაგრამ მოვისტარელი მალე დაეწია ვალვერდეს და მაიკას და პოლონელთან ერთად გადაასწრო ფინიშამდე 8,5 კილომეტრით ადრე კანგერტს. ორ კილომეტრში კოლუმბიელმა მაიკაც „გაიხადა“ და დენ მარტენის გააფთრებული კონტრიერიშის მიუხედავად პირველობა არ დათმო. ფავორიტების ჯგუფი (ფრუმი, ტომასი, დიუმულენი, ლანდა, როგლიჩი, ბარდე) რამდენიმე დამხმარესთან ერთად შეუყვნენ პორტეს 8,7 %-იანი დახრილობის 16 კილომეტრს. აქ ბარდე მალე ჩამორჩა და საერთო ჩათვლაშიც უკან გადაიწია, შეტევებს კი როგლიჩი და დიუმულენი ცდილობდნენ. სქაის ლიდერთა დუეტი 21 წლის კოლუმბიელი გრეგარის ბერნალ გომესის დახმარებით თავს კარგად იცავდა, მაგრამ ბოლოს ფრუმს მაინც უმტყუნა გამძლეობამ ან შეიძლება გუშინ თავი ვერ შეიკავა და პეტერამს მიეპარა. სამაგიეროდ კარგად იყო ტომასი, რომელმაც სლოვენიურ-ჰოლანდიური შეტევები ბოლოსკენ მარტომ მოიგერია და ფინიშზე ამ დუეტს რამდენიმე წამიც აართვა. კმაყოფილი დარჩა დიუმულენიც, რომელმაც ფრუმს საერთო ჩათვლაში ადგილი გაუცვალა და ჯერ კიდევ აქვს ყვითელი მაისურის მორგების იმედი

ხვალ ლიდერებისთვის დასასვენებელი ეტაპია ტრი-სიურ-ბაიზიდან პომდე. 171 კილომეტრი დიდი სირთულეების გარეშეა და სავარაუდოდ სპრინტერთა გუნდების და გაქცევის მოყვარულების დაპირისპირებას ვიხილავთ.

ტურ-დე-ფრანსი. საუკეთესო ხუთეულები

საერთო ჩათვლა (ყვითელი მაისური)

[table id=17 /]

სპრინტერთა ჩათვლა (მწვანე მაისური)

[table id=18 /]

მთის მეფის ჩათვლა (წითელკოპლებიანი მაისური)

[table id=19 /]

გუნდური ჩათვლა

[table id=21 /]

ავტორის პროფილი

გაიოზ თალაკვაძე
გაიოზ თალაკვაძე ფრანგული ენის უბადლო მცოდნე, ფრანგული სპორტისა და კულტურის დამფასებელი, თავად კულტურული და მშვიდი გურულია (sic) თბილისის ჯიგრიან უბან ნახალოვკიდან. მისი ტექსტები არსით ისეთივე წესიერია როგორც თავად გაიოზი.