რაც თავი მახსოვს, სულ იმაზეა საუბარი, რომ უმაღლესი ესპანური საფეხბუთო ლიგა რეალურად ორი გუნდის ტურნირია… რომ ამ ორსა და დანარჩენებს შორის უფსკრულია… რომ ეს აფერხებს ფეხბურთის განვითარებას…
სასაცილო კი ისაა, რომ ამ „პესიმისტებსვე“ წუთის შემდეგ ორ კლუბამდე კი არა, ორ ფეხბურთელამდე დაჰყავთ ყველაფერი:
– წუხელ ლეომ ლიგაში მეასედ გაიტანაო.
– კრიშტიანუს ეგეთი უკვე 117 გოლი დაუგროვდაო.
– სამაგიეროდ, ლეომ ასი ნახევარი წლით ახალგაზრდამ მოასწროო…
– ჯერ ის 17 გაიტანოსო.
– გაიტანსო. თადარიგში პორტუგალიელზე ლამის ათი თამაშით მეტი აქვსო.
და რა?!
მთელი მსოფლიო ფეხბურთის ყველა დილემა ეს არის? გადახედეთ, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ვინ მიუშვეს ესპანურმა გრანდებმა ლიგის მოგებამდე, ან ევროპის სუპერთასამდე, ანაც საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონობამდე? „ატლეტიკოსთან“ სულ დაცვები რომ უჭრიალებთ, იმასაც არ უყადრებენ თავს. ან ევროპის ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგებ და ლიგის მეოთხედფინალისტ „სევილიას“.
არ არის ბარსელონელთა ან მადრიდელთა ბრალი, რომ ერთს ლეო ჰყავს და მეორეს კრიშტიანუ. პირიქით უარესი იქნებოდა: მესი და არავინ საპირწონედ, ან რონალდუ და ვინმე ძალით გაბუქებული გრიზმანი.
იყო დრო, მაიკლ ჯორდანის „ჩიკაგო ბულზი“ NBA-ში ყველას დაუნანებლად სრავდა. საინტერესო ისღა იყო, ფინალამდე ვინ გადაეყრებოდა ჩიკაგოელებს. არ ჰყავდა ჯორდანს საპირწონე და რა ექნა?!
მოკლედ, ნუ ვწუწუნებთ და ვიყოთ კმაყოფილნი იმით, რომ თამამედროვე ფეხბურთს ჰყავს ორი მაიკლ ჯორდანი, ორი საპირწონე და ჯერჯერობით არც ერთ მათგანს მოწყენილობისგან ბეისბოლში ან გოლფში გაქცევის სურვილი არ გასჩენია…

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
