ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია

Home კატეგორიის გარეშე ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია
ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონია

ჭადრაკის სასახლეში დასრულებული ქალთა საქართველოს 75-ე პირველობა ნინო ბაციაშვილმა მოიგო. მან ბელა ხოტენაშვილის მსგავსად 7 ქულა დააგროვა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა და ქვეყნის დედოფალი მეორედ გახდა. პირველად ნინომ 2015 წელს იპირველა.

ჩემპიონატი დაძაბულად წარიმართა. საწყის ტურებში ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა სალომე მელიამ იყოჩაღა და მე-6 ტურის შემდეგ ქულით უსწრებდა უახლოეს მდევრებს, თუმც შემდეგ ორი პარტია დასთმო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ-მეორეზე კი 6-6 ქულით ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი ავიდნენ. ცხადი გახდა, რომ ბოლო მე-9 ტურში ჩემპიონი ამ ორ მოჭადრაკეს შორის გამოვლინდებოდა.

პირველმა შავებით მოთამაშე ბაციაშვილმა მოიგო, მან მირანდა მიქაძე 29-ე სვლაზე დააშამათა და ერთპიროვნული ლიდერიც გახდა. ხოტენაშვილმაც იმარჯვა, თეთრებით მაკა ფურცელაძესთან 57-ე სვლაზე, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა და ოქროც ნინოს დარჩა.

დებულების მიხედვით პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად დასახელდა, I-III-ზე გასულები ქალთა ევროპის ჩემპიონატზე დაფინანსდებიან და საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაიშვებიან.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა

  1. ნინო ბაციაშვილი – 7
  2. ბელა ხოტენაშვილი – 7
  3. ლელა ჯავახიშვილი – 6
  4. მერი არაბიძე – 5,5
  5. სალომე მელია – 5,5
  6. სოფიო გვეტაძე – 4,5
  7. მირანდა მიქაძე – 3,5
  8. ნინო ხომერიკი – 2
  9. მაკა ფურცელაძე – 2
  10. თამარ წერეთელი – 2

ავტორის პროფილი

ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.