კანავარო: ჩვენ დროს უფრო დაუნდობელი ფეხბურთი იყო

კანავარო: ჩვენ დროს უფრო დაუნდობელი ფეხბურთი იყო

ვინ წარმოიდგენდა 2006 წელს, რომ გავიდოდა 20 წელიწადი და მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრები გახდებოდა გუნდი, რომელიც მუნდიალზე ზედიზედ სამჯერ ვერ მოხვდა. იმ წელიწადს კი ტრიუმფატორ „სკუადრა აძურას“ ფაბიო კანავარო კაპიტნობდა, რომელმაც იმავე წელიწადს „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიგო. მიმდინარე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კანავარო უზბეკეთის ნაკრებს ედგა სათავეში. უზბეკეთი ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა. შინ დაბრუნებულმა კანავარომ „კორიერე დელა სერას“ მისცა ინტერვიუ, რომლის რამდენიმე საინტერესო ამონარიდსაც ქვემოთ გთავაზობთ.

– რა გახსოვთ 2006 წლის ჩემპიონატიდან?

– გიჟური ატმოსფერო.

– მაშინ მართლა კალჩოპოლიდ შერაცხულმა ამბებმა შეგიწყოთ ხელი?

– არა.

– ბევრი ამბობს, რომ სწორედ კალჩოპოლი დაგეხმარათ.

– ცდებიან. მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს კალჩოპოლის დახმარების გარეშე ჩვენს პოტენციალს სრულად ვერ გამოვავლენდით. ძალიან ძლიერები ვიყავით – 1982 წლის შემდეგ იტალიელ ფეხბურთელთა საუკეთესო თაობა. მსოფლიოს ჩემპიონი შემთხვევით ვერ გახდები.

– კი მაგრამ, განა ოთხი წლით ადრე, 2002 წელს კიდევ უფრო ძლიერები არ იყავით. გუნდში მალდინი და ვიერიც იყვნენ.

– მართალია. და ძალიან გამოცდილი მწვრთნელიც გვყავდა – ჯოვანი ტრაპატონი, მაგრამ ცოტა კონსერვატულ ფეხბურთს ვთამაშობდით: ტოტი და დელ პიერო ერთმანეთს ცვლიდნენ. როტაცია იყო დაწესებული. კიდევ, სამხრეთ კორეასთან უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ძალიან დაგვწყდა გული.

– 2006 წლის მერვედფინალი. ავსტრალიასთან 50-ე წუთზე მატერაცი გააძევეს. უმცირესობაში დარჩით. მერე გროსომ პენალტი მოიპოვა…

– როდესაც ტოტი მაგ პენალტის დასარტყმელად მივიდა, ყველას გული გადაგვიქანდა: ეხლა ეს „პანენკას“ დაარტყამს… მაგრამ ასე არ მოხდა.

– გერმანიასთან ნახევარფინალი კი შედევრი იყო.

– მე იდეალური მატჩი მქონდა. საერთოდ თავდამსხმელებს უფრო აქცევენ ყურადღებას, მაგრამ მე თუ მკითხავთ, „ოქროს ბურთი“ სწორედ დორტმუნდში, ამ შეხვედრაში მოვიგე.

– ფინალში მატერაცის რა დაემართა?

– ისეთი არაფერი. მოხდა ის, რაც ჩეულებრივ ხდება ხოლმე მოედანზე. არ ვიცი რა მოუვიდა ზიზუს, რომელიც საუკეთესო ადამიანია, მაგრამ იმ დღეს შეცდა.

– და მაშინ საკუთარ თავს უთხარით, რომ მორჩა, საქმე გაკეთებულია?

– ყველაფერი პენალტებით გადაწყდა. ჩვენ უკვე ძალაგამოცლილები ვიყავით. გერმანიასთან დავკარგეთ დიდძალი ენერგია. თავადაც ძალიან დაღლილი ვიყავი. მოწინააღმდეგესთან ყოველი ორთაბრძოლის შემდეგ ვგრძნობდი, რომ ძალა მელეოდა. იმ დღეს ჩვენ ზიდანის გაძევებამ გვიშველა.

– და ყველა პენალტი გაიტანეთ.

– მწვრთნელს სია გამზადებული ჰქონდა. მას უკვე გადაეწყვიტა, თუ ვის უნდა დაერტყა პენალტები. რომელიღაც ფეხბურთელი, მგონი დელ პიერო მივიდა და ბოლო დარტყმა სთხოვა, მაგრამ ლიპიმ უარი უთხრა. „შენ პირველს დაარტყამ! ბოლო წუთის კაცი ჩვენს გუნდში ფაბიო გროსოა!“. მან მოიპოვა პენალტი ავსტრალიასთან, გერმანიასთან კი ანგარიში გახსნა. ამიტომაც, საფრანგეთთან გადამწყვეტი პენალტი მან დაარტყა.

– მართალია, რომ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე ოცნებობთ?

– მე ზოგადად მწვრთნელობაზე ვოცნებობ. იმავდროულად იტალიელი ვარ და შესაბამისად იტალიის ნაკრები მირჩევნია. მანამდე კი მსოფლიოში მოგზაურობას განვაგრძობ. ვისწავლე ინგლისური,  ესპანური, გავეცანი სხვადასხვა კულტურას. ყველაფერი კი მისტერ ლიპის იდეით დაიწყო. ჩინეთში წასვლა მან მირჩია. მერე იყო საუდის არაბეთი, უზბეკეთი…

– ახლანდელ ჩემპიონატს ვინ მოიგებს?

– მძულს ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ საფრანგეთი.

– რატომ გძულთ  ამის თქმა?

 – იმიტომ, რომ გვეწევიან. ეს მათი მესამე ტიტული იქნება. ჩვენ ოთხი გვაქვს.

– მარადონა თუ მესი?

– ლეო არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. ის რობოტია, თითქმის იდეალური, მაგრამ მარადონა ალბათ მაინც უფრო ამაღელვებელი იყო. თუ დაარტყამდი, არ დაიჩივლებდა. რადა, მაშინ უფრო დაუნდობელი ფეხბურთი იყო. უკნიდან დაჯახებები შეიძლებოდა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.