BBC-მ ეგვიპტელთა ორივე პრეტენზია განიხილა

BBC-მ ეგვიპტელთა ორივე პრეტენზია განიხილა

შეხვედრის დამთავრებამდე 12 წუთი რჩებოდა და ეგვიპტე ისტორიაში უდიდეს მიღწევასთან ახლოს იყო, მაგრამ ყველაფერი აფრიკული გუნდის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. „ფარაონები“ 2:0-ს იგებდნენ, როდესაც კრისტიან რომერომ სხვაობა შეამცირა. მთელი მსოფლიო ელოდა, რომ აფრიკელები დაცვას კიდევ უფრო მეტად ჩააბეტონებდნენ და საქმეს გამარჯვებამდე მიიყვანდნენ, მაგრამ ოთხ წუთში ლეო მესიმ ანგარიში გაქვითა და მეტოქის რიგებში პანიკა დათესა, მსაჯის წამატებულ წუთებში კი ენცო ფერნანდესმა თავურით „ალბისელესტეს“ გამარჯვების გოლი შეაგდო.

ეგვიპტელები აღშფოთდნენ. მათ მსაჯობასთან ჰქონდათ პრეტენზია. გამოიკვეთა ორი საკამათო მომენტი:  მუსტაფა ზიკოს გოლი არ ჩაუთვალეს და მო სალაჰის სავარაუდო წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნეს.

პირველ შემთხვევაში VAR-მა აღმოაჩინა, რომ ეგვიპტელთა ლამაზი კომბინაციის დასაწყისში მარვის ატიამ ლისანდრო მარტინესს ფეხზე დააბიჯა. ეს უხეში დაბიჯება არ იყო, მაგრამ როგორც ახლა ამბობენ, კონტაქტი შეინიშნებოდა.

მეორე ეპიზოდში, კი მო სალაჰი არგენტინელთა საჯარიმოში მოწინააღმდეგესთან ორთაბრძოლის ეპიზოდში წაიქცა, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, რის გამოც რამდენიმე წამის შემდეგ მოედნის გადაღმა, ეგვიპტის კარში „ალბისელესტეს“ გამარჯვების გოლი გავიდა.

მატჩის დამთავრების შემდეგ ეგვიპტელთა თავკაცმა ჰოსამ ჰასანმა თქვა: „როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ ბევრი საეჭვო რაღაც მოხდა. აქ მთავარი ნდობის ამბავია. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ნდობას არ იწვევს. არ გამოვრიცხავ, რომ „მათ“ მსოფლიოს ჩემპიონის შეჯიბრებაში დატოვება უნდოდათ. შეიძლება მესის პრეტენდენტთა შორის დარჩენა სურდათ. მოკლედ, მსოფლიოს ჩემპიონმა ყველა დონის მხარდაჭერა მიიღო“.

ამ შეხვედრაში ყველაფერი ვიხილეთ: მესის გაცუდებული პენალტი, არჩათვლილი გოლი და შეხვედროს ბედის საოცარი შემოტრიალება. ეჭვი არ არის, რომ ეს მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში შევა.

ეგვიპტელთა მწვრთნელმა განაგრძო: „ვერც პატივისცემა ვნახეთ და ვერც ფეარ ფლეი. ჩვენს სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნეს, მეტიც, VAR-ზე არც კი შეამოწმეს, ხოლო მეორე გოლი რატომღაც გაგვიუქმეს. ცხოვრება უსამართლოა და თქვენ მეკითხებით სპორტში რატომ არ არის სამართალი?“

ეგვიპტელი თავდამსხმელი ზიკო: „მსაჯი აშკარად უსამართლო იყო. უსამართლობა მეტისმეტად მკაფიო იყო. უსამართლობა პირველიდან ბოლო წუთამდე იგრძნობოდა“.

BBC-მ გამ შეხვედრისადმი მიძღვნილ წერილში შეიტანა თავი: „მსაჯთა საკვანძო გადაწყვეტილებები“, რომელშიც ზემოთ ხსენებული ორი ეპიზოდი განიხილა:

„ფიფას მსაჯთა ხელმძღვანელმა პიერლუიჯი კოლინამ საჯაროდ სულ რამდენიმე დღის წინ განმარტა თუ რა კრიტერიუმებზე მოთხოვეს ყურადღების გამახვილება ჩემპიონატის მომსახურე არბიტრებს. უპირველეს ყოვლისა, მათ მსაჯებს სთხოვეს ჩვეულებრივი კონტაქტის გამო არავინ დააჯარიმონ, რათა თამაშის ტემპი ამაღლეს. შედეგად, მიმდინარე მუნდიალზე დაფიქსირდა ერთ შეხვედრაში საშუალოდ 22.6 ჯარიმა. 2022 წლის მუნდიალზე ეს მაჩვენებელი იყო 25, ხოლო 2018 წელს – 27.

რა მოხდა ეგვიპტელთა არჩათვლილი გოლის ეპიზოდში? ატიამ მარტინესს მაისურზე სულ ოდნავ დაქაჩა და ფეხზეც ოდნავ დააბიჯა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოქმედება იყო მსუბუქი, VAR-მა გადაწყვიტა ჩარეულიყო, რის გამოც ზიკოს საუცხოო გოლი არ ჩაითვალა. რასაკვირველია, სრულიად ლეგიტიმურია ვთქვათ, რომ ეს იყო ჯარიმა და გოლი სამართლიანად გაუქმდა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მიმდინარე ჩემპიონატის მსაჯობის სტილის საწინააღმდეგო გამოდის. თუ ასეთ კონტაქტებს მოედნის მსაჯები ყურადღებას არ აქცევენ, მაშინ ასე უნდა მოიქცეს VAR-იც.

გახსოვთ, ალექსანდარ პავლოვიჩის აწეული ფეხი ეკვადორელი პედრო ვიტეს სახემდე? ამ ეპიზოდში VAR-ი არ ჩაერია და ლეროი სანეს გოლიც არავის გაუუქმებია.

რაც შეეხება კითხვას, დარღევა, რომლის გამოც ზიკოს გოლი გაუქმდა არგენტინელთა საჯარიმოდან მეტისმეტად შორს ხომ არ იყო, პასუხი ასეთია: VAR-მა უნდა გადახედოს შეტევის ფაზას მისი დაწყების წამიდან, განსაკუთრებით კი უნდა დააკვირდეს მომენტს, როდესაც გოლის გამტანმა გუნდმა ბურთი მოიპოვა. რაკი საკამათო ეპიზოდს გოლი მოჰყვა, მისი VAR-ზე განხილვა იყო სრულიად კანონიერი, თუნდაც ბურთის ართმევის ეპიზოდიდან გოლამდე 17 წამი ყოფილიყო გასული.

შეხვედრის მსაჯებისთვის ამ ეპიზოდზე უფრო რთული მომენტი იყო პოტენციური პენალტი რომელიც თითქოს სალაჰის წაქცევისთვის უნდა დანიშნულიყო და რომელიც ფერნანდესის გადამწყვეტი გოლის კომბინაციას უძღოდა წინ. სალაჰი არგენტინის ნაკრების საჯარიმოში წაიქცა და ჰქონდა პრეტენზია, რომ ხულიან ალვარესმა წესი დააღვია. ეს ეპიზოდი VAR-ზე ულაპარაკოდ უნდა განეხილათ. თავად დარღვევა ატილას შემთხვევის მსგავსი იყო, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც: სალაჰი საჯარიმოში იყო ანუ ლაპარაკი იყო შესაძლო პენალტზე, პენალტის დასანიშნად კი წესის თანახმად დარღევა უფრო მკაფიო უნდა იყოს. სხვა სიტყვებით სალაჰი ასეთივე დარღვევის გამო მოედნის სხვა მონაკვეთზე რომ წაექციათ, VAR ჩაერეოდა, მაგრამ საჯარიმოში ეს დარღვევა პენალტის დასანიშნად საკმარისი არ გამოდგა“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.