საფრანგეთის ნაკრებმა 1:0 მოუგო პარაგვაის და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მაროკოს შეხვდება. მატჩის შემდეგ „ლურჯების“ მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
– რას განიცდით ამ თამაშის შემდეგ?
– ძალიან სასიამოვნოა, რომ კვლავ გავედით მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში. წინა თამაშები შედარებით იოლად გავიარეთ. კარგია, რომ დღევანდელი შეხვედრა გადავიტანეთ. ჯობდა მეორე გოლიც გაგვეტანა და კომფორტული უპირატესობისთვის მიგვეღწია. არასდროს იცი რა გელის ბოლოს. შეიძლება ძლიერად ჩაწოდებული აუტიდან და კონტრშეტევიდან გაუშვა.
– მსაჯზე რას იტყვით?
– მსაჯის კრიტიკას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მინახავს. ფეხბურთელები საგანგებოდ მოვამზადე. ყველა გუნდი ისე თამაშობს, როგორც უნდა. მოწინააღმდეგის სათადარიგო სკამთან ურთიერთობა, შეურაცხყოფები… მე ამის გარეშე მირჩევნია, მაგრამ რაც მოხდა – მოხდა. მეტოქემ უამრავჯერ დაარღვია თამაშის წესი, სამი ყვითელი ბარათი კი ჩვენ მივიღეთ. თუმცა, რამდენჯერმე ჩვენც დავარღვიეთ წესი.
– იყო კი ეს ის შეხვედრა, რომელიც გუნდის ზრდას უწყობს ხელს?
– ჩვენ ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით. მოწინააღმდეგე თავს ძალიან კარგად იცავდა. საერთოდ, ძალიან უკნიდან თამაში ნაკლებ ინიციატივას ითხოვს. ჩვენ კი ერთმანეთისთვის პასები უფრო სწრაფად უნდა გადაგვეწოდებინა. ვფიქრობ, საჭირო გამოცდილება მივიღეთ. საფრანგეთის ნაკრების ბევრი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველადაა. საბოლოოდ, კმაყოფილი ვარ, რომ მეოთხედფინალში გავედით.

– ეს საკვანძო მატჩი იყო?
– ჩვენ თავად გავიადვილეთ ამოცანა. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში იოლი საქმე არ არის. ფეხბურთელებმა თავი ხელში აიყვანეს. მე მათ ვუთხარი: ყურადღება მოიკრიბეთ ფეხბურთზე, იმაზე რის გაკეთებაც გვეხერხება.
– მეორე ტაიმში, წყლის შესვენების დროს გაღიზიანებული ჩანდით. რა უთხარით მაშინ ფეხბურთელებს?
– ინიციატივა მეტოქისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვეთმო. პარაგვაელებმა იციან ასეთი ყაიდის თამაშები როგორ ჩაატარონ. ჩვენ მათთვის ხელ-ფეხი კიდევ უფრო მეტად არ უნდა გაგვეხსნა. სწორედ ამიტომ ავუწიე ხმას. ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. ბუნებით მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ იმ წუთას უსამართლობის შეგრძნება მაწუხებდა. ბოლოს და ბოლოს ყველაფრის წყნარად მიღებაც არ შეიძლება. საბოლოოდ, ადვილი არ იყო, მაგრამ რაც გვინდოდა გავაკეთეთ. თავი არ დავკარგეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
– ეთანხმებით კილიან მბაპეს, რომელმაც თქვა, რომ თუ საჭიროა ხელების ბინძურად ქნევა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმაც იციან?
– მე ამ სიტყვებს არ გამოვიყენებდი. დღევანდელი შეხვედრა ლამაზი სანახავი ნამდვილად არი იყო. მეტი შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ წინაშე იდგა მოწინააღმდეგე, რომელმაც გერმანია გააგდო. დღეს მე უფრო ასეთ გამოთქმას მოვუხმობდი: ეს იყო ნამდვილი ტანჯვა.
– მართალია, რომ სიცხე ხელს იმ გუნდს უფრო უშლის, რომელიც ფეხბურთის თამაშს ცდილობს?
– დაცვაში ჩაჯდომა ყოველთვის უფრო ადვილია. ტემპერატურა კი ჩვენს თამაშზე დიდ გავლენას ახდენს. სხეული იღლება და ენერგიისგან უფრო სწრაფად იცლები.
– შეიძლება ითქვას, რომ კილიან მბაპე უკვე დაღვინებულია?
– თქვენ მას დიქტატორად წარმოაჩენთ, არადა იმთავითვე ვთქვი, რომ მისი საჯარო იმიჯი აბსოლუტურად მცდარია. არაფერს ვიგონებ. კილიანს ეს თვისება ბავშვობიდან აქვს – ჯგუფის სახელით უყვარს ლაპარაკი. მე მას ხშირად ველაპარაკები. ის მანდობს თუ რამე ეწყინა, თუმცა ეს წყენები ხშირად მისი პირადი არც არის. მას ყველა უყურებს.
– რას ფიქრობთ მაროკოზე, თქვენს მომავალ მეტოქეზე?
– ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მასთან შეხვედრამდე ხუთი დღე გვაქვს და ამ ხუთ დღეში ძალების აღდგენა უნდა მოვასწროთ. კონკრეტულად მაროკოელებზე ფიქრს კი სამი დღის მერე დავიწყებთ. მათ მართლა ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/07/2026 | 10:58მბაპე: მათ ეგონათ, რომ ჩვენ მოედანზე სმოკინგებით გავიდოდით
მთავარი ამბავი05/07/2026 | 09:42დიდიე დეშამი: ეს იყო ნამდვილი ტანჯვა
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 10:15გონსალო რამუში: როცა ბოლო წუთზე გოლი დაგჭირდებათ, იცით ვისაც უნდა დაურეკოთ!
მთავარი ამბავი04/07/2026 | 09:16კაბო ვერდე დამარცხდა, მაგრამ გაიმარჯვა!
