კაბო ვერდე დამარცხდა, მაგრამ გაიმარჯვა!

კაბო ვერდე დამარცხდა, მაგრამ გაიმარჯვა!

მართალია კაბო ვერდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთ ყველაზე პატარა სახელმწიფოს წარმოადგენდა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი და ლამაზი კვალი დატოვა. მან მთელი პლანეტის ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როდესაც ვეტერანი მეკარის ვოზინიას გმირობის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან ითამაშა ფრედ (0:0), შემდეგ კი ურუგვაისთან მუნდიალზე ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა (2:2). საუდის არაბეთთან ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ მწვანე კონცხის გუნდი ფლეი-ოფში გავიდა და იქ არგენტინას ულამაზესი გოლი გაუტანა. ეს „ტრაბზონსფორის“ ფეხბურთელმა სინდი ლოპეს კაბრალმა შეძლო. ლეო მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა კაბო ვერდელებს საბოლოოდ მაინც აჯობეს, მაგრამ ეს დიდი წვალებით მოახერხეს. შეხვედრა დამთავრდა 3:2.

მესის მიერ პირველ ტაიმში გატანილ გოლს 59-ე წუთზე „ლუდოგორეცის“ მოთამაშემ დეროი დუარტემ უპასუხა და ძირითადი დრო ასეც დამთავრდა. 92-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ისევ წინ გაიყვანა, რასაც 103-ე წუთზე სინდი ლოპესმა ზემოთ ნახსენები ლამაზი გოლით უპასუხა და მხოლოდ 111-ე წუთზე შეძლო „ალბისელესტემ“ გამარჯვების დაბევება, ისიც ბოლოწამს ბურთი „ალ ბატეას“ მცველს უიღბლო დინეი ბორხესს მოხვდა და ავტოგოლი გავიდა.

„კაბო ვერდემ წააგო, მაგრამ მან გაიმარჯვა, – თქვა BBC Radio 5-ის პირდაპირ ეთერში შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმს მაკფადენმა, – ამ ხალხმა გვაჩვენა ვაჟკაცობა, ერთსულოვნება და საკუთარი თავის რწმენა. ჩემპიონატის მთავარი ისტორია კაბო ვერდეს ამბავია. გულშემატკივარს ფეხბურთში სწორედ იმის დანახვა უნდა, რაც ამ გუნდმა წარმოადგინა“.

ინგლისელი ვეტერანი გარი ნევილი: „ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რომელიც ოდესმე აუტსაიდერის შესრულებით მინახავს. თამაშის შემდეგ კაბო ვერდეს ფეხბურთელებმა იტირეს, რადგან შინ გამგზავრება არ უნდოდათ. მათ უნდოდათ მთელი დარჩენილი ცხოვრება აქ, მსოფლიოს ჩემპიონატზე დარჩენილიყვნენ. ზოგი მათგანისთვის ასეთი მომენტი ალბათ აღარასოდეს განმეორდება. რაც მათ გააკეთეს ჯადოსნობაა, მაგრამ იმავდროულად გულდასაწყვეტი ამბავიცაა “.

წაგების მიუხედავად კაბო ვერდეს ნაკრების მწვრთნელმა პედრო ლეიტაო ბრიტომ, იმავე ბუბისტამ თქვა: „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მართალია პატარა ქვეყნიდან ვართ, მაგრამ მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან თანაბრად შეგვიძლია თამაში. კაბო ვერდე ისტორიას ლამაზი ფურცელი შევმატეთ. სრული უფლება გვაქვს ვიამაყოთ. მრავლისმეტყველი და დაუჯერებელია, როდესაც შეგიძლია მსოფლიოს ჩემპიონთან ორჯერ გაათანაბრო ანგარიში და ზოგადად ისე ითამაშო“.

 „შემროკ როვერსის“ მცველმა რობერტო „პიკო“ ლოპესმა კაბო ვერდეს ნაკრების ოთხივე შეხვედრაში ითამაშა, შემდეგ კი BBC-ს ასე უთხრა: „ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე დიდი შედეგი ის იყო, რომ ამიერიდან აღარავინ იკითხავს, სად არის რუკაზე კაბო ვერდე. ჩვენ რუკაზე საკუთარი ქვეყანა გამოვსახეთ. მართალია პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დიდი გული გვაქვს და დავამტკიცეთ, რომ თუ ირწმუნებ, ყველაფერს მიაღწევ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.