საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ახალი დროება დაუდგა. ამიერიდან ბორჯღალოსნები ივლისის ტრადიციული ტესტ-მატჩების ნაცვლად მონაწილეობას ახალ ტურნირში მიიღებენ, რომელსაც ეწოდება „მსოფლიო რაგბის ერთა თასი“.
ცხადია, ქართველები ელიტაში არ დაუშვეს და ადგილი მსოფლიო რაგბის ძალით მეორე დუჟინში მიუჩინეს. ხსენებული ტურნირის პირველ ნაწილს დასავლეთ ნახევარსფერო უმასპინძლებს, შემოდგომის ნაწილი კი პლანეტის აღმოსალეთში შედგება, მათ შორის – საქართველოშიც.
სიახლე ისიცაა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა პიერ-ანრი ბრონკანმა თავისი „ბრივი“ პრო დ2-ის ნახევარფინალში გაიყვანა, აბდალაძე-მიქაუტაძე-შველიძის გუნდი პირველივე წრეში დამარცხდა და როგორც დათქმული იყო, მათი მწვრთნელი უმალ გადმოერთო საქართველოს ნაკრების თავკაცობაზე, სადაც მას რამდენიმე თვის განმავლობაში იტალიელი მარკო ბორტოლამი აზღვევდა.

ბრონკანის დებიუტი 4 ივლისს მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებთან დაპირისპირებაში შედგება. 11-ში ჩილეს ქალაქ ვინია დელ მარში სამოას შევერკინებით, ხოლო 18 ივლისს ჩილეს ნაკრებს ამავე ქვეყნის ქალაქ ლა სერენაში შევხვდებით.ამ ტურნირისთვის ბრონკანმა მეტად გაფართოებული რაზმი შეკრიბა, რომელსაც შეკრების ბოლოს რამდენიმე მორაგბე გამოაკლდება. ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე გამოცდილი მორაგბე დააბრუნა გუნდში: ვეტერანი მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელსაც „ბრივში“ პირადად წვრთნიდა, ტოპ 14-ის გასულ სეზონში ქართველთაგან ყველაზე მეტი, 27 მატჩის ჩამტარებელი ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი და მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, რომელმაც ერთწლიანი უქმობის შემდეგ „შავ ლომში“ ჩვეული ფორმა აღიდგინა და 40-კაციან სიაშიც მოხვდა.

გარდა ამისა, 8 ისეთი მორაგბეც იახლა ბრონკანმა, ვისაც ნაკრებში აქამდე არასდროს უთამაშია: „მონტობანიდან“ „შავ ლომში“ ახლახან გადასული გამოცდილი კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე, „გრენობლის“ ასევე გამოცდილი ბურჯი გიორგი პერტაია, მესამე ფრანგული ლიგის „ბურგუენის“ მეორეხაზელი საბა ფესვიანიძე, ორი მესამეხაზელი – რატი ზაზაძე „ნევერიდან“ და გორგი სინაურიძე „შავი ლომიდან“, თბილისის „წიქარას“ მგეზავი“ დავით იმნაძე, რუმინული „ტიმიშოარას“ შუამარბი ხვიჩა ჯგერენაია და გარემარბი „შავი ლომიდან“ რომა მახათაძე.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული რაზმი ერთა თასისთვის (პოზიციების მიხედვით):
1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 42 მატჩი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (ექსეტერი, 21, 5), გიორგი ახალაძე (კლერმონი, 19, 5);
2. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი, 5, 0), ლუკა პეტრიაშვილი (ნევერი, 2, 0), ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი, 0, 0);
3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 9, 5), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეტერი, 4, 10), გიორგი პერტაია (გრენობლი, 0, 0);
4-5. კონსტანტინე მიქაუტაძე (ბრივი, 88, 15), ვლადიმერ ჩაჩანიძე (მონ-დე-მარსანი, 34, 5), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 28, 25), გიორგი ჯავახია (ანგულემი, 26, 20), თემურ წულუკიძე (ოიონაქსი, 1, 0), საბა ფესვიანიძე (ბურგუენი, 0, 0);
6-8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 49, 55), ოთარ გიორგაძე (შავი ლომი, 42, 50), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 30, 25), ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 20, 25), ბექა შვანგირაძე (ლიონი, 6, 5), იოანე იაშაღაშვილი (ვანი, 4, 0), ანდრო დვალი (პერპინიანი, 2, 0), რატი ზაზაძე (ნევერი, 0, 0), გიორგი სინაურიძე (შავი ლომი, 0, 0);
9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 104, 98), მიხეილ ალანია (ვანი, 18, 20), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 4, 5);
10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 64, 411), ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 37, 257), დავით იმნაძე (წიქარა, 0, 0);
12-13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 78, 65), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 20, 25), გიორგი შველიძე (ბრივი, 7, 5), გიორგი ხაინდრავა (ბორდო, 2, 5), ხვიჩა ჯგერენაია (ტიმიშუარა, 0, 0);
11, 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 60, 260), შალვა აფციაური (შავი ლომი, 3, 25), რომა მახათაძე (შავი ლომი, 0, 0);
15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, 48, 114), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, 3, 0).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 22:51ბრონკანის პირველი რაზმი
სიახლეები21/06/2026 | 22:19ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
