კვარას ლიგა

კვარას ლიგა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – ინფორმაციას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ქართველმა გარემარბმა უდიდესი როლი ითამაშა პარიზელების მიერ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვებაში. გადამწყვეტი ფიგურა იყო „არსენალთან“ მოგებულ ფინალში – მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დემბელემ გაიტანა და პარიზელებმა ანგარიში გაათანაბრეს.

მანამდე საუკეთესო იყო „ბაიერნთან“ 5:4 მოგებულ დაუვიწყარ პირველ ნახევარფინალში, სადაც დუბლი შეასრულა“, – წერს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი.

კვარამ ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ სეზონში 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მოედანზე 1141 წუთი გაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამას გარდა, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.


ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.