„მანჩესტერ იუნაიტედის’’ ლეგენდას როი კინსა და პორტუგალიელ ვარსკვლავს, ბრუნო ფერნანდესს შორის შავმა კატამ გაირბინა. მოგეხსენებათ ისინი გუნდის ყოფილი და ამჟამინდელი კაპიტნები არიან. ფერნანდესს კინის ერთი ბოლოდროინდელი ნათქვამი არ მოეწონა და უპასუხა. არც პასუხის პასუხმა დააყოვნა. საქმე ასე იყო: პორტუგალიელმა საგოლე პასებში პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, ბოლო დღეს „ბრაიტონთან’’ 21-ე ასისტი შეასრულა. ამაზე 54 წლის კინმა თქვა, რომ ფერნანდეშს პირადი რეკორდები გუნდურზე მეტად აინტერესებს და ეს მან თავად აქვს აღიარებული. 31 წლის შემტევ ნახევარმცველს ამის მოსმენა ცხადია არ ესიამოვნებოდა. მან პოდკასტ The Diary of a CEO-ში კინს მატყუარა უწოდა:
„ყველაზე მეტად არ მიყვარს, როდესაც ხალხი იტყუება. კრიტიკას ყველასგან ვიღებ და არასდროს არავის ვპასუხობ, რადგან ნებისმიერ ადამიანს თავისი აზრი აქვს, მაგრამ ის რაც როი კინმა თქვა უბრალოდ ტყუილია. კიდევ კარგი ყველაფერი ჩაწერილია. წარმოიდგინეთ, ჩაწერილი რომ არ ყოფილიყო ხალხი რას იფიქრებდა. ისინი იტყუოდნენ: „ბრუნო პირადი რეკორდის გამო ნებისმიერ სიტუაციაში საგოლე პასის გადაწოდებას ცდილობს“. ვიმეორებ, მე კრიტიკას ვიღებ. კინს შეიძლება როგორც ფეხბურთელი ან სულაც როგორც ადამიანი არ მოვწონდე, მაგრამ ძალიან არ მომწონს, როდესაც იმ სიტყვების თქმას მაბრალებს, რომლებიც ჩემი პირიდან არასდროს ამოსულა“.

გადაცემა The Overlap-ში ლაპარაკისას მაისის დასაწყისში კინმა ასეთი რამ თქვა: „(ერთ-ერთი) თამაშის შემდეგ ფერნანდეშმა ინტერვიუში თავად აღიარა, რომ შეხვედრის მსვლელობისას რამდენჯერმე იყო მომენტი, როდესაც სჯობდა კარში დაერტყა, მან კი ამის ნაცვლად პასი გადააწოდა. როგორ შეიძლება ფეხბურთელს ასეთი მიდგომა ჰქონდეს? როგორ შეიძლება ინდივიდუალური ჯილდოს გამო თამაშის მოგება რისკის ქვეშ დააყენო? ფერნანდეში ასეთი დამოკიდებულებით ტიტულებს ვერ მოიგებს. წარმოიდგინეთ, გუნდი ორ გოლს უშვებს, გარშემო კი ყველა ბედნიერია, რადგან მან საგოლე პასების რეკორდი გაიმეორა. ეს წარმოუდგენელია. ეს ცირკია“.
ფერნანდეში კინის ნათქვამმა ისე გააბრაზა, რომ „იუნაიტედის“ ყოფილ მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერსაც კი დაურეკა ყოფილი კაპიტნის ტელეფონის ნომერი რომ გამოერთმია. იფიქრა მესიჯს მაინც მივწერო.
ფერნანდეშის აღშფოთებამ ინგლისური პრესის ჰედლაინები მოიარა, რამაც კინი უარესად გააღიზიანა. მან თავის ინსტაგრამზე ვირის და ჩრდილიდან მომზირალი ორი ლომის ფოტო დადო წარწერით: „მეტისმეტად დიდი ყურადღება მიიპყრო ვირმა, რომელსაც ჰგონია, რომ ლომია“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 07:41ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
მთავარი ამბავი25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
სიახლეები25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
