კვირას, 15 მარტს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სატელიტ-ქალაქ ლეგანესში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. 14-ათასკაციან „ესტადიო ონტაიმ ბუტარკეს“ იმ დღეს დიდი რაგბობა ელის. საფეხბურთო კლუბ „ლეგანესის“ საშინაო არენაზე ჯერ ესპანეთი და რუმინეთი გამოავლენენ მესამეადგილოსანს, ხოლო 21:45-ზე ფინალში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ჩემპიონის გამოავლენას შეუდგებიან.
პორტუგალიელი „მგლები“ ბორჯღალოსნებისთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევიან. ამ გუნდების 27 შეხვედრიდან ქართველებმა 19 მოიგეს და 4 წააგეს. კიდევ 4 თამაში ფრედ დასრულდა და ტიერ 2-ის ნაკრებებიდან პორტუგალიელებს ქართველებთან ერთ-ერთი საუკეთესო ბალანსი აქვთ, თუ ხსენებულ შეფარდებას საერთოდ შეიძლება ეწოდოს ბალანსი.
სხვათა შორის, პორტუგალია სწორედ ის გუნდია, რომელსაც აქტივში აღნიშნული ტურნირის ჩემპიონის ტიტული აქვს მიღწევათა სიაში. რუმინელებისა და ქართველების გასარჩევ საქმეში „ლობუში“ 2004-ში ჩაერია და ორწლიანი (იმდროინდელი რეგლამენტით) ციკლი პირველ ადგილზე დაასრულა.
რაც შეეხება ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმს, მარკო ბორტოლამიმ ტურნირზე პირველად გაააქტიურა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და სახელიანი ბორჯღალოსანი – ბექა გორგაძე მარქაფაში იქნება და სავარაუდოდ მეორე ტაიმში ჩაერვება მატჩში. დანარჩენი 22 კაცის შესაძლებლობები საკუთარ ტყავზე შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა და რუმინეთმა გამოსცადეს.
მოკლედ, ბორჯღალოსნები მე-18 საჩემპიონო ტიტულს უმიზნებენ და ობიექტურობა იმის თქმას მოითხოვს, რომ ლეგანესური ფინალის ფავორიტი საქართველოა.
ჩვენი ნაკრების იტალიელმა დამრიგებელმა მარკო ბორტოლამიმ თქვა, რომ ბიჭები მაქსიმალურად მოტივირებულები არიან და საუკეთესოდ მოემზადნენ ფინალისთვის, სადაც მათ მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩში:
- გიორგი ახალაძე (კლერმონი, 18 კეპი, 5 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 31, 55), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 32, 15), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 27, 25), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (მონ-დე-მარსანი, 33, 5), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 19, 20), 7. ბექა საღინაძე (კაპიტანი, ლიონი, 56, 25), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 48, 50), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 103, 98), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 63, 409), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, 47, 114), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 77, 65), 13. გიორგი შველიძე (ბრივი, 6, 5), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 59, 260), 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი, 4, 15).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი, 4, 0), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი, 1, 5), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 8, 5), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი, 25, 20), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 29, 25), 21. ბექა გორგაძე (პო, 53, 65), 22. მიხეილ ალანია (ვანი, 17, 20), 23. ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 36, 257).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
