ვინ ჩაარტყა ლაპორტას ზურგში მახვილი?

Home აქეთურ-იქითური ვინ ჩაარტყა ლაპორტას ზურგში მახვილი?
ვინ ჩაარტყა ლაპორტას ზურგში მახვილი?
Ivan de la Pena attends a movie premiere of 'Puyol, Mas Que Un Capitan' at the Cinesa Diagonal theater on May 29, 2014 in Barcelona, Spain.
მელოტი – ივან დე ლა პენია

„ბარსელონას’’ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას, რომელიც ხვალ კლუბის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, 18 წლის დრო ფერნანდესის „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლა ვერ მოუნელებია. 63 წლის ბიზნესმენი გაბრაზებულია „ლა მასიაში’’ აღზრდილი ბიჭის აგენტზე, რომელიც ვეტერანი ფეხბურთელი ივან დე ლა პენია ყოფილა.

„დროს წასვლა ზურგში დანის დარტყმის ტოლფასი იყო. მიმაჩნია, რომ ივანმა მიღალატა. ჟორჟე მენდეშთან საერთო ენა გამოვნახეთ და ლამინ იამალი დავიტოვეთ, მაგრამ მელოტთან ვერაფერს გავხდი. შედეგად დრო პსჟ-ში გადავიდა. დროს აგენტი მენდეში რომ ყოფილიყო ის დღესაც „ბარსელონაში’’ იქნებოდა’’, ― თქვა ლაპორტამ ერთ-ერთ ბოლო წინასაარჩევნო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ დე ლა პენია „ბარსელონაში’’ 1995-98 და 2000-01 წლებში თამაშობდა. ამის გამო ლაპორტას აზრით მას „ბარსელონას’’ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა.

„მან პირფერობა გამოამჟღავნა. ჩვენ გამონაკლისი დავუშვით, დე ლა პენიამ კი სიმდაბლე ჩაიდინა, თავხედურად მოგვატყუა. ეს ღალატი და სამარცხვინო საქციელია’’, – აღშფოთება ვერ დამალა ლაპორტამ, თუმცა იქვე პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი შეაქო, – საბედნიეროდ პსჟ-სა და მის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მათ პატივი გვცეს და გამოსყიდვის პუნქტით არ ისარგებლეს. გული მწყდება ჰანსი ფლიკის გამო, მას დროს დაკარგვა არ უნდოდა. ფლიკმა დრო რამდენჯერმე პირველ გუნდშიც ათამაშა. ძალიან უხერხულად გამოვიდა იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ძირითადში თამაშს მასზე მეტად იმსახურებენ’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.