„ვილიარეალმა’’ ბოლო ტურში რეგიონული დერბი მოუგო „ვალენსიას’’ – 2:1. „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ლა ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა და „ღამურებზე’’ თითქმის ორჯერ მეტი ქულა აქვს. სწორედ ამას ეძღვნება AS-ის წერილი, რომელიც შეგვახსენებს, რომ „ვალენსიამ’’ „ლა სერამიკაზე’’ თავისი 26 ვიზიტიდან 16 წააგო. სადღეისოდ, სხვაობა ამ ორ გუნდს შორის იმდენად დიდია, რომ ვილიარეალის ბანაკი თავს უფლებას აძლევს სოციალურ მედიაში ნიშნის მოგებით სავსე პოსტები წეროს.
ქართველმა თავდამსხმელმა ჟორჟ მიქაუტაძემ თავის ინსტაგრამზე დაწერა: La Cominitat es groga, რაც ნიშნავს კომუნა ანუ თემი, ესე იგი ვალენსიის ავტონომია ყვითელიაო. AS შეგვახსენებს, რომ მიქაუტაძე „ვილიარეალში’’ მხოლოდ ექვსი თვეა რაც თამაშობს და უკვე კარგად გრძნობს ვალენსიური დერბისა და მასში გამარჯვების მნიშვნელობას.
ორ გუნდს შორის მეტოქეობას საფუძველი მრავალი წლის წინ ჩაეყარა. თავიდან ურთიერთობა მეგობრული და კეთილმეზობლური იყო, მაგრამ კონკურენციამ ის თანდათანობით დაძაბა. ცხოვრებამ „ვალენსია’’ და „ვილიარეალი’’ ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში შეახვედრა ერთმანეთს, როგორიც იყო 2004 წლის უეფას თასის ნახევარფინალი და ესპანეთის თასის სხვადასხვა ეტაპის შეხვედრები.
„ვილიარეალის’’ გულშემატკივართა გონებაში სამუდამოდ და ძალიან მწარედ ჩაიბეჭდა 2012 წლის 5 მაისი, როდესაც ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში, მსაჯის წამატებულ წუთებში ვალენსიელმა ჟონასმა მათი გუნდის კარში გოლი გაიტანა და ლიგა 2-ში გააგდო. აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში ფრე ორივე გუნდს ხელს აძლევდა ― „ღამურები’’ ჩემპიონთა ლიგაში გავიდოდნენ, ხოლო „ყვითლები’’ უმაღლეს ეშელონში დარჩებოდნენ.
მაშინ „ვილიარეალი’’ გავარდა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ რეგულარულად ცხრილის ზედა ნახევარში ამთავრებს სეზონს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
