„მანჩესტერ იუნაიტედმა’’ „არსენალს’’ სტუმრად მოუგო -3:2. გამარჯვებულთაგან პატრიკ დორგუმ და მატეუს კუნიამ შესანიშნავი გოლები გაიტანეს.
მოგეხსენებათ, „იუნაიტედს’’ ახალი მწვრთნელი ჰყავს, მაიკლ კერიკი, რომლის დებიუტი წინა ტურში მანჩესტერულ დერბიში შედგა და 2:0 გამარჯვებით დამთავრდა. და აი, მეორე თამაშში კერიკმა „სიტის’’ ზედ „არსენალიც’’ მიაყოლა.
მასპინძლები ალესანდრო მარტინესის ავტოგოლის წყალობით დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის განვრცობა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, კრიტიკოსებს მიეცათ „არსენალის’’ თავკაცის მიკელ არტეტას საყვედურებით ავსების საშუალება. ესპანელს ხშირად უწუნებენ იმას, რომ როგორც კი უპირატესობას მოიპოვებს უკან იხევს და ცდილობს მინიმალური სხვაობით გაიმარჯვოს. რაღაც ამდაგვარი მოხდა ამჯერადაც, როდესაც შესვენებამდე და შესვენების მერე გატანილი გოლებით ბრაიან მბეუმომ და პატრიკ დორგუმ სტუმრები გაიყვანეს წინ.
„არსენალის’’ ერთ-ერთი ძლიერი მხარე სტანდარტული მდგომარეობებია. 84-ე წუთზე მიკელ მერინომ კუთხურის შემდეგ ბურთის კარში შეტენვა მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ სამ წუთში მატეუს კუნიამ 25 მეტრიდან ბურთი დაბალ კუთხეში შეაგდო და „იუნაიტედს’’ სამი ქულა მოუტანა.
კერიკმა „არსენალთან’’ იგივე შემადგენლობა ათამაშა, რომლითაც „სიტის’’ მოუგო. მან მარჯვენა მცველის პოზიციაზე დიოგო დალოტიც კი დატოვა. არადა მიმომხილველების აზრით დალოტი კარგ ფორმაში არ არის. კერიკს ჰქონდა ალტერნატივა. მას შეეძლო აფრიკის თასიდან დაბრუნებული ნისაირ მაზრაუი ეთამაშებინა.
ამბობენ, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის’’ ლეგენდამ როი კინმა კერიკის მიმართ დიდი უნდობლობა გამხატა. მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვეული უტაქტობით თქვა: „თქვენ ყველანი სისულელეს ამბობთ (მიმართა სტუდიაში მსხდომ პატრიკ ვიეირას და მაიკა რიჩარდსს), მას ორი დიდებული თამაში ჰქონდა, მაგრამ ორი თამაშის მოგება ყველას შეუძლია. კერიკმა გუნდი მეოთხე ადგილზეც რომ გაიყვანოს, ვერავინ დამაჯერებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის’’ მწვრთნელობისთვის შესაფერისი ადამიანია. „იუნაიტედს’’ უკეთესი, უფრო დიდი ფიგურა სჭირდება’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
